დონალდ ტრამპმა ვენესუელის მიმართ ყველა სანქცირებული ნავთობმზიდი ტანკერის ბლოკირების ბრძანება გასცა

დონალდ ტრამპმა ვენესუელის მიმართ „ყველა სანქცირებული ნავთობმზიდი ტანკერის ბლოკირების“ ბრძანება გასცა, როგორც ქვეყანაში შემავალ, ისე გამომავალ ხომალდებზე.

“ვენესუელა მთლიანად გარშემორტყმულია სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ოდესმე განლაგებული უდიდესი საზღვაო არმადათი. ის მხოლოდ გაიზრდება და მათთვის შოკი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ — მანამ, სანამ შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ ყველა იმ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც მათ აქამდე მოგვპარეს”, – აცხადებს ტრამპი.

აშშ-ს პირველი პირი განმარტავს, რომ ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა, რადგან ამერიკის აქტივების მოპარვასთან ერთად, ადამიანებით ვაჭრობაში, ნარკოტიკების კონტრაბანდაში, ტერორიზმსა და ბევრ სხვა დანაშაულშია მხილებული.

“მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი ამ მოპარული ნავთობის საბადოებიდან მოპოვებულ ნავთობს იყენებს თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანებით ვაჭრობისთვის, მკვლელობისა და გატაცებისთვის. ჩვენი აქტივების მოპარვისა და მრავალი სხვა მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო, ვენესუელის რეჟიმი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული”, – ამბობს აშშ-ს პრეზიდენტი.

ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ არალეგალი უცხოელები და კრიმინალები, რომლებიც მადუროს რეჟიმმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულ შტატებში გამოგზავნა, დაჩქარებული ტემპით ბრუნდებიან და დაბრუნდებიან ვენესუელაში. ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი მის წინამორვედ ჯო ბაიდენს სუსტ და უნიათოდ მოიხსენიებს.

“ამიტომ, დღეს მე ვბრძანებ ვენესუელაში შემავალი და გამომავალი ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერის სრულ და ტოტალურ ბლოკადას. არალეგალი უცხოელები და კრიმინალები, რომლებიც მადუროს რეჟიმმა სუსტი და უუნარო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულ შტატებში გამოგზავნა, დაჩქარებული ტემპით ბრუნდებიან და დაბრუნდებიან ვენესუელაში. ამერიკა არ დაუშვებს კრიმინალებს, ტერორისტებს ან სხვა ქვეყნებს, რომ ძარცვონ, დაემუქრონ ან ზიანი მიაყენონ ჩვენს ერს და ასევე არ დაუშვებს მტრულ რეჟიმს, რომ წაიღოს ჩვენი ნავთობი, მიწა ან ნებისმიერი სხვა აქტივები, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს შეერთებულ შტატებს”, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაში“რუსული აქტივები ევროპაში დიდი ხნით იქნება გაყინული” – გერმანიის კანცლერი
შემდეგი სტატიააშშ-ში შესვლა დამატებით, შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ – ტრამპის გადაწყვეტილება