დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება.

რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი. აქტის ასამოქმედებლად ბოლო ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა იყო. დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

კანონპროექტში H.R. 3203 საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.

1. პირველად საქართველო გვხვდება კანონის მეასე გვერდზე, კანონის ქვეთავში სახელწოდებით „ევრაზიასა და ევროპაში რუსეთის ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა“. კერძოდ, მესამე პუნქტში ვკითხულობთ: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა კვლავ არღვევს 1994 წელს ბუდაპეშტში ხელმოწერილ მემორანდუმს და ჰელსინკის აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ეუთოს ჩამოყალიბებას და რომლის წევრიც თავად რუსეთიც არის. 2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში.“

2. ამავე ქვეთავის მეოთხე პუნქტი კი მთლიანად საქართველოს ეთმობა.

„რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რაც ითვალისწინებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს“.

3. კიდევ ერთხელ საქართველო ნახსენებია პროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დასაძლევად აშშ-ის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

კერძოდ, 102-ე გვერდზე ვკითხულობთ – „აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას: ა) გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; გ) შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ.

4. კანონპროექტის 103-ე გვერდზე საქართველოს შესახებ ნათქვამია: „რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს. ეს მკაფიო საფრთხეს ევროპის და ევრაზიის ქვეყნებისთვის“. იქვე აღნიშნულია, რომ საპასუხოდ ამ ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მათი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა შენარჩუნებული იყოს. „აშშ-ი მხარს უჭერს იმ ინსტიტუტებს, რომლებისთვის ძირის გამოთხრას რუსეთი ცდილობს. მათ შორის, ნატო-ს და ევროკავშირს.

5. საქართველო ასევე ნახსენებია დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია აშშ-ის მხრიდან რუსეთის ზეგავლენისადმი მოწყვლადი ქვეყნების ფინანსურ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით 2018-2019 წლებში ამ ქვეყნებისთვის გამოიყოფა 250 მილიონი დოლარი. კანონში ვკითხულობთ, რომ აშშ-მა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საარჩევნო მექანიზმების დაცვა კიბერთავდასხმებისგან.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამ ნაწილში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ, საქართველო კი ნახსენებია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა.

ამავე თავში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარება დაიხარჯება ამ სახელმწიფოებში კორუფციასთან ბრძოლაზე, კანონის უზენაესობის გამყარებაზე, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებაზე, მესამე პუნქტში ასევე ვკითხულობთ: „გამოყოფილი თანხა დაიხარჯება იმ ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურობის დასაძლევად, რომელიც გამოიწვია და გამძაფრდა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ ქვეყნების ტერიტორების ოკუპაციის შედეგად.“

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გარდა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დიდი უმრავლესობით დაამტკიცა და ის ამჟამად პრეზიდენტს გადაეგზავნა ხელმოსაწერად.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება აღარ შეეძლება.

banner
წინა სტატიაშისამხედრო საწყობში ხანძრის გამო გუდაუთიდან ხალხი პანიკურად გარბის (ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქეთი მუსულმანურ ქვეყნებს მოუწოდებს სცნონ პალესტინის დამოუკიდებლობა