დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, 53 მილიონი დოლარის შეგროვება შეძლეს.
ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტრამპი დამნაშავედ ცნო დოკუმენტების ფალსიფიცირებაში. ამის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შემოწირულობების შეგროვებას იწყებს.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ტრამპის შტაბში ამტკიცებენ, რომ თანხის ჩარიცხვა შემომწირველებმა განაჩენის გამოცხადებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში შეგროვდა 35 მილიონი დოლარი, რასაც შემდგომ კიდევ 18 მილიონი დაემატა.
ტრამპის შტაბში ასევე ამბობენ, რომ შემომწირველთა დაახლოებით 30%-მა ტრამპს თანხა პირველად ჩაურიცხა. თავად ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან ინტერნეტში გაკეთებული შემოწირულობების რაოდენობით ყველა რესპუბლიკელ კანდიდატს აჯობა და რეკორდი დაამყარა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, რომ შემოწირულობების ზუსტი მოცულობა მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ამ მონაცემებს ფედერალურ საარჩევნო კომისიაში მიიღებენ.