დონალდ ტრამპი – უკრაინაზე ბოლო იერიშები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, პუტინს არ სურს ომის დასრულება და მასთან საჭიროა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით მოპყრობა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინის ბოლო იერიშები უკრაინის დასახლებებზე აფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

„პუტინს არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, რომ რაკეტები ესროლა სამოქალაქო რაიონებისთვის, ქალაქებისა და სოფლებისთვის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას არ სურს ომის დასრულება, ის უბრალოდ აჭიანურებს და საჭიროა მასთან სხვანაირი მოპყრობა „საბანკო“ ან „მეორადი სანქციების“ გზით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“, – წერს ტრამპი.

ამასთან, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ და მისი ჟურნალისტი პიტერ ბეიკერი.

„რა შეთანხმებაც არ უნდა დავდო რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგი იქნება ის, სულ რომ საუკეთესო შეთანხმება იყოს, რაც კი ოდესმე დადებულა, წარუმატებელი „ნიუ იორკ თაიმსი“ მასზე ცუდად ისაუბრებს. „თაიმსის“ ძალიან მიკერძოებულმა და უნიჭო მწერალმა, პიტერ ბეიკერმა თავისი რედაქტორის მოთხოვნა შეასრულა და დაწერა, რომ უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ტერიტორიები, მათ შორის, ვვარაუდობ, ყირიმი და სხვა სულელური თხოვნები, რათა შეწყდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი მკვლელობები. რატომ არ ამბობს ეს მსუბუქწონიანი რეპორტიორი, რომ ობამამ დაუშვა, რუსეთს უკრაინისთვის ყირიმი მოეპარა ყოველგვარი გასროლის გარშე?“ – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას არაფერი ჰქონდა საერთო უკრაინაში მიმდინარე ომთან.

„მე არაფერი მქონდა საერთო ამ სულელურ ომთან, გარდა სულ დასაწყისისა, როდესაც მე უკრაინას „ჯაველინები“ მივეცი და ობამამ ზეწრები მისცა. ეს არის მძინარა ჯო ბაიდენის ომი და არა ჩემი. ის იყო წამგებიანი პირველი დღიდანვე და არასდროს უნდა მომხდარიყო. არც მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ პრეზიდენტი. მე უბრალოდ ვცდილობ, დავალაგო ის არეულობა, რომელიც ობამამ და ბაიდენმა დამიტოვეს“, – აღნიშნავს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ცეცხლაძეს, აქციაზე, არსებული ინფორმაციით, ყაველაშვილის შეწყალებული პირი დაუპირისპირდა
შემდეგი სტატიამაკრონი: “უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გამიმეორა”