აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა და აღნიშნავს, თუ როგორ განსხვავდება თავისი მიდგომა ბაიდენის ადმინისტრაციისგან იარაღის მიწოდების საკითხში.
„ჩვენ არ ვაგზავნით არანაირ იარაღს პირდაპირ უკრაინაში. ჩვენ ვგზავნით მათ ნატო-ში და ნატო იხდის, რაც დიდი განსხვავებაა ბაიდენსა და ტრამპს შორის, რადგან ბაიდენმა მათ 350 მილიარდი დოლარი მისცა და ჩვენ არაფერი მიგვიცია, მაგრამ პატივისცემა მივეცით და სხვა რამდენიმე რამ, გულწრფელად რომ ვთქვათ. მათ სჭირდებათ მეტი იარაღი. ვიმედოვნებთ, შევძლებთ მათ მიწოდებას. ჩვენს ქვეყანასაც სჭირდება იარაღი. ჩვენ ვერ მივცემთ იმდენ იარაღს, რომ ჩვენთვის აღარ გვქონდეს. არასოდეს არ იცი, რა მოხდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინა „პეტრიოტისა“ და „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებს ითხოვს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ტომაჰავკების“ მიწოდება რუსეთთან კონსულტაციას მოითხოვს.
„მათ ესაჭიროებათ „პეტრიოტები“. მათ უნდათ „ტომაჰავკები“. შესაძლოა, მომიწიოს რუსეთთან საუბარი „ტომაჰავკების“ შესახებ. სურთ „ტომაჰავკები“ თავიანთი მიმართულებით? არა მგონია. ვფიქრობ, შესაძლოა, ვისაუბრო რუსეთთან ამის შესახებ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები, შესაძლოა, მოლაპარაკების ინსტრუმენტად გამოიყენოს.
„შესაძლოა, ვუთხრა პუტინს: „თუ ეს ომი არ მოგვარდება, მე მათ „ტომაჰავკებს“ გავუგზავნი“. „ტომაჰავკი“ არის წარმოუდგენელი იარაღი. რუსეთს ეს არ სჭირდება“, – განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.



















