აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს სირიისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის გაუქმებას. აღნიშნულ სიაში სირია 1979 წლიდან იმყოფება.
ამერიკის ლიდერმა სირიელ კოლეგაზე დადებითად ისაუბრა, მას ძლიერი და პატივსაცემი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ ალ-შარაამ დანაწევრებული და ქაოსში მყოფი ქვეყნის გაერთიანება შეძლო.
„ვფიქრობ, ასე მოვიქცევი. რატომ არ უნდა გავაკეთო ეს? სირიის პრეზიდენტმა შესანიშნავი საქმე გააკეთა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თავის მხრივ, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ნაბიჯებისთვის, რომლებიც ვაშინგტონმა ქვეყნის მიმართ გადადგა და ტრამპს „სანქციების მოხსნის ისტორიული გადაწყვეტილებისთვის“ მადლობა გადაუხადა.
















