რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება, იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაცს კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს უაზრო ომია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის შეფასებით, ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.
„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება, იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაცს კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს უაზრო ომია, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და სირცხვილია ამის ნახვა. მე ვხედავ სურათებს, რომლებსაც თქვენ ვერ ხედავთ, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის სურათებს, რომლებიც უბრალოდ საშინლად გამოიყურება. ეს ხდება ყოველდღიურად და საშინელებაა. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა კარგავენ ათასობით ჯარისკაცს და იღუპება უამრავი ადამიანი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც მოგვიანებით ნახავთ. ვფიქრობ, ხალხს გაუკვირდება, რამდენი ადამიანი, არა მარტო ჯარისკაცი, დაიღუპა უკრაინაში. ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბევრი ქალაქია განადგურებული უკრაინაში, ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან, ტრამპის თქმით, „მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში“.
„ძალიან ბევრი ქალაქია განადგურებული, შენობების უმეტესობა დანგრეულია. მათ ეს არ გაუკეთებიათ კიევში, რადგან, ვფიქრობ, მათ არ სურდათ ძალიან ბევრი რაკეტის სროლა კიევში“, – აღნიშნა ტრამპმა.