აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ადმინისტრაცია მზადაა უნგრეთს ეკონომიკური სიძლიერით დაეხმაროს.
„ჩემი ადმინისტრაცია მზადაა უნგრეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ეკონომიკური სიძლიერე გამოიყენოს, როგორც ეს წარსულში ჩვენი დიდებული მოკავშირეებისთვის გაგვიკეთებია, თუ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრელ ხალხს ეს ოდესმე დასჭირდებათ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ინვესტიცია ჩავდოთ მომავალ კეთილდღეობაში, რომელსაც ორბანის უწყვეტი ლიდერობა წარმოქმნის“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ინფორმაციისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 12 აპრილს გაიმართება. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნგრეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერა გამოუცხადა.













