ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ძალიან პერსპექტიულია, მაგრამ არ არის სრული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
„იმედია, რუსეთი სწორად მოიქცევა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ისურვებდა პუტინთან შეხვედრას უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით.
„მაგრამ ჩვენ ეს სწრაფად უნდა დავასრულოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ეთანხმება საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთავაზებებს. „თუმცა, გამოვდივართ იქიდან, რომ ეს შეწყვეტა უნდა იყოს ისეთი, რომელიც მიგვიყვანდა გრძელვადიან მშვიდობამდე და აღმოფხვრიდა ამ კრიზისის თავდაპირველ მიზეზებს“, – აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, არის ნიუანსები, რომლებზეც მოლაპარაკება უნდა აწარმოონ ამერიკელ კოლეგებთან, შესაძლოა, დაურეკონ ტრამპს და მასთან განიხილონ.