ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, 26 ივლისს ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.
ტრამპი აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, აბრაამის ისტორიული შეთანხმებაც კი გაფორმდა. ჩვენ ეს ისევ გვექნება“, – წერს დონალდ ტრამპი.
ამასთან, როგორც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი წერს, ის მსოფლიო ლიდერებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ დროა, ომები დასრულდეს.
„ეს საშინელი, მომაკვდინებელი ომები და ძალადობრივი კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონობით ადამიანი იღუპება და კამალა ჰარისს არ შეუძლია ამის შეჩერება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის, დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით გამოვა, ხოლო მოგვიანებით ამერიკის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდება.