აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტს გამართავს, როდესაც რუსეთი და უკრაინა მზად იქნებიან სამშვიდობო შეთანხმების დასადებად. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ხედავს, თუ არა უახლოეს მომავალში პუტინთან კიდევ ერთი სამიტის გამართვის შესაძლებლობას. ტრამპმა უპასუხა, რომ ამას იმ პირობით გააკეთებს, თუ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.
„თუ მომინდება, ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, ეს მაშინ გავაკეთო, როცა სამშვიდობო შეთანხმების დასადებად მზად ვიქნებით. მინდა, ეს გავაკეთო, მოგეხსენებათ, ჩვენ გვსურს, კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი იქნებოდა. რუსეთში შესანიშნავი მიწებია, ძალიან ღირებული მიწები, იქ ბევრი კარგი რამ ხდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შეხვედრის ორგანიზება უმოკლეს დროში არის შესაძლებელი, თუმცა მას ამის გაკეთება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ სურს.
„მე მინდა ამის გაკეთება, როდესაც ეს ომი დასრულდება და ვფიქრობ, ამას გავაკეთებთ“, – დასძინა ტრამპმა.

















