აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მზადაა, პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, როცა ისინი მოისურვებენ.
„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ძალიან მალე ვაპირებთ საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და ვნახოთ, რა როგორ მოხდება“, – აღნიშნა ტრამპმა და გააკრიტიკა ევროკავშირი, რომ არ დახარჯა საკმარისი თანხა უკრაინის დასაცავად.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინაში ომის მსხვერპლთა ოფიციალური რაოდენობა. მისივე თქმით, ომმა უკვე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ტრამპის შეფასებით, მოსკოვის დანაკარგები დაახლოებით 800 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო კიევის – 600-დან 700 ათასამდე ადამიანს.