დოლიძე: ყველა საქმე, რომელსაც წულუკიანის ე.წ კომისია განიხილავს, კლანთანაა დაკავშირებული

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის ანა დოლიძის განცხადებით, ყველა ის საქმე, რომელსაც თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისია განიხილავს, ე.წ. სასამართლო კლანთანაა დაკავშირებული.

დოლიძის განცხადებით, მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელმაც ჯემალ ლეონიძის საქმეზე წინა ხელისუფლების დროს მისი საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანა და უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგივე მოსამართლემ “გააკოტრა ლეონიძის კომპანია მაგნატი”, 2021 წელს დააწინაურეს და უვადოდ დანიშნეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.

გარდა ამისა, დოლიძის განცხადებით, ასევე დააწინაურეს მოსამართლე მზია ლომთათიძე, რომელმაც ლეონიძისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ლომთათიძე 2021 წელს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ გახდა.

რაც შეეხება ბესარიონ ხარძიანის საქმეს, როგორც ანა დოლიძე ამბობს, მოსამართლე ლელა ნოზაძე, რომელმაც ხარძიანს პატიმრობა მიუსაჯა და ასევე, განიხილა ხარძიანის მკვლელობის საქმეც, 2019 წელს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში უვადოდ გაამწესეს.

“ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მაგივრად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი მართავს ე.წ. კომისიაში – თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან. კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის, აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც ესიამოვნება რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას.

[…]

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე წარდგა კომისიის წინაშე და რომელიც წარდგება მომავალში, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა კლანთან, რომელიც აგრძელებს ქართული ოცნების პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას და რომელსაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი.

ის ადამიანები, რომლებმაც გამოიტანეს უკანონო განაჩენები ხარძიანის საქმეზე და ლეონიძის საქმეზე, ქართული ოცნების პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს აგრძელებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს – პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში”. – განაცხადა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან ცუცქირიძე – „თავისუფლების მოედანი“ მხარს დაუჭერს თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ ოპოზიციურ ბოიკოტს, ვიქნებით ამის მოთავეებიც, მაგრამ თუ ასეთი ბოიკოტი არ გამოვა, გვექნება შიდა დისკუსიები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – „დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია