დოლიძე – ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს

ევროკავშირის დახმარებასთან და სასამართლოსთან მიმართებაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები საგანგაშო ხასიათს იღებს, არ შეიძლება ამ განცხადებებთან ზედაპირული მოკიდება, – ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს.

ანა დოლიძის შეფასებით, ეს არის სერიოზული ნიშანი, რომ ხელისუფლება აპირებს გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას და მის ევროპულ ორიენტაციას. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ევროკავშირი მიიღებს პერსონალურ სანქციებს და „თუნდაც მმართველი პარტიის ამ შემადგენლობას ჩამოართმევს ევროკავშირში მგზავრობის უფლებას“.

„იმედი მაქვს ევროკავშირი უფრო სერიოზულ, მათ შორის პერსონალურ სანქციებსაც განახორციელებს. ეს აღარ არის უბრალოდ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაკეთებული განცხადებები, ეს არის სერიოზული ნიშანი, რომ ხელისუფლება აპირებს გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას და მის ევროპულ ორიენტაციას. იმედი მაქვს, ევროკავშირი მიიღებს პერსონალურ სანქციებს და თუნდაც ამ შემადგენლობას ჩამოართმევს ევროკავშირში მგზავრობის უფლებას. ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები არის ნიშანი, რომ ევროკაშირისთვის ეს ქვეყანა იხურება და ხელისუფლება აპირებს კიდევ უფრო დაკეტოს ქვეყანა რათა მართოს ავტორიტარული მეთოდებით არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იყო დამოკიდებული და ამ კუთხით “საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სასამართლო სისტემას”.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ ცესკოში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი გაიხსნა