ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს

kvirikaსაქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯონ კერის ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

„ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს – საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

„აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა და მკვლევარს შეეძლება, გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი. განვიხილეთ USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი ოკუპაციის ხაზთან სიახლოვეში, მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის 5 რეგიონში შეიქმნება 2 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია, როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

„ჩვენ მზად ვართ, მომავალში, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივანს და ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი – ჯონ კერის ვიზიტი ორი ქვეყნის პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება
შემდეგი სტატიაარჩილ გეგეშიძე ჯონ კერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა