„დოიჩე ველე“ – გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა

საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის დამტკიცებასთან დაკავშირებით განსხვავებულ სტატიას აქვეყნებს „დოიჩე ველეს“ გერმანული რედაქცია.

„ლუფთჰანზას“ ყოფილი მენეჯერი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრია“, – ასეთია სტატიის სათაური.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებს ოკუპაცია უწოდა.

მედიასაშუალება წერს, რომ პარლამენტში კენჭისყრისას „ლუფთჰანზას“ ყოფილმა მენეჯერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ 98 ხმა მიიღო, არც ერთი წინააღმდეგი. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გერმანული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მანამდე, თანამდებობაზე მხოლოდ ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. ის და მისი შემცვლელი გახარიაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ერთგული მიმდევრები არიან.

გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2008-2013 წლებში ის იყო გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კომპანიის საქმიანობაზე. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს, 44 წლის გიორგი გახარიას აკრიტიკებენ პოლიციის მიერ მასობრივი საპროტესტო გამოსვლის ძალადობრივი დარბევისთვის.

როგორც მთავრობის მეთაურმა, გახარიამ დაადასტურა, რომ სურს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირთან გაწევრიანებისკენ გზის გაგრძელება და აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავება. გახარიამ, რომელიც მოსკოვში პოლიტოლოგიას სწავლობდა, განაცხადა, რომ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია დღეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

ამავე სტატიაში „დოიჩე ველეს“ გერმანულენოვანი რედაქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც წერს და აღნიშნავს, რომ თბილისი ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ე.წ. არჩევნების პირველ ტურს არალეგიტიმური უწოდეს ევროკავშირმა და გერმანიის ფედერალურმა მთავრობამაც.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე ხაზარაძეზე: ვცვლით სისტემას ისე, რომ ყველას მიეცეს პარლამენტში მოხვედრის შანსი
შემდეგი სტატიაფილიპ რიკერი – ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას, რომელიც არის საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან