დოდონა კიზირია: „თუ სამეგრელომ მიგვატოვა, ჩათვალეთ, აღარაფერი გვეშველება!“

kiziria

ნუ დავივიწყებთ ყველაფერს ამას, მეგობრებო!„იმდენი პრობლემა გვახვევია თავს, იმდენი საზრუნავი, იმდენი გაჭირვება, რომ ამ თემაზე დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ გამაბედინა იმან, რომ ჯერ ერთი, განმაცვიფრა ამ საკითხზე კომენტარების სიმრავლემ, მეორე ის, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა და იმედია, არ გამიწყრებით და, მესამე იმან, რომ მეც მეგრელი გახლავართ. ბევრი ეგებ, მხოლოდ კეთილი ხუმრობით წერდა თავის კომენტარს, მაგრამ მაინც გამკრა გულში ზოგიერთმა სიტყვამ,“ – ასე იწყება აშშ-ში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი პროფესორის, დოდონა კიზირიას „ფეისბუქსტატუსი“, რომელსაც „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

„გაიხსენეთ, რა დაატეხა თავს სამეგრელოს შევარდნაძის მთავრობამ, გაიხსენეთ, როგორ თარეშობდა იქ „მხედრიონი“. რამდენი მკვლელობა, გაუპატიურება, გაძარცვა და განადგურება გადაიტანეს მეგრელებმა. 26 სოფელი ლამის მიწასთან გაასწორეს. ისიც გაიხსენეთ, რას მღეროდნენ ის ბანდიტები – „ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა…“ ამაზე კი, თბილისში ბევრი ტაშს უკრავდა. ისიც მახსოვს, როცა უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი, ზოგი აფხაზეთიდან, ზოგი სამეგრელოდან თბილისს, მათ დედაქალაქს მოწყდა სამართლისა და დახმარებისთვის და ამ დროს ერთმა ცნობადმა პირმა პარლამენტში ირონიულად განაცხადა, „მაფშალიებ“ მომრავლდნენო.
ისიც მინდა იცოდეთ და ბევრმა იცის კიდეც, რომ სამეგრელოში არასოდეს წყდება პროვოკაციები და სეპარატისტული მოძრაობის დაწყების მცდელობა. დღესაც ძალიან დიდი ენერგია იხარჯება ამ სურვილის გასაღვივებლად. ამისთვის იყო, რომ „კა-გე-ბე“-ს ოფიცერი, ალექსანდრე ჭაჭია სამეგრელოში იმყოფებოდა კარგა ხანი და ერთ დროს საპრეზიდენტო კანდიდატაც კი წამოაყენა თავისი თავი. მიუხედავად ყველაფერ ამისა, სამეგრელო თავს საქართველოს ნაწილად თვლის. ქვეყნისთვის ზურგი არ შეუქცევია და ერთ-ერთი მთავარი, თუ ყველაზე მთავარი არა, ძალა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს. გეხსომებათ, ახლაც როგორი შემართებით დაუჭირა მხარი ათასობით ადამიანმა სანდრა რულოვსს! ჩემი უღრმესი მადლობა და სიყვარული სამეგრელოს!
დახედეთ საქართველოს რუკას და დაფიქრდით, რას წარმოადგენს სამაეგრელო საქართველოსთვის. სამაგრელო დღეს არის ფარი ჩვენსა და რუსეთს შორის აფხაზეთის მხრიდან. თუ სამეგრელომ მიგვატოვა, ჩათვალეთ, რომ აღარაფერი გვეშველება! სამეგრელოს „თათარი“ აჭარაც მიყვება და მშვიდობით, შაო ზღვავ! მშვიდობით, პორტებო და სანაპიროებო! მშვიდობით, საქართველოს სახელმწიფოებრიობავ! ასე რომ, მეგობრებო, უნდა ერთად ვიდგეთ ყველა, ერთად ვიბრძლოთ და გავიმარჯვოთ. დღეს განსაკუთრებით მინდა, რომ ეს გამარჯვება მალე მოსულიყოს და ერთად გვეზეიმოს ყველას, რომელი კუთხიდანაც უნდა ვიყოთ, გვეზეიმოს საქართველოს ყველა ქალაქსა და სოფელში. გისურვებთ მალე დამდგარიყოს ეს დღე!“-წერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია

banner
წინა სტატიაშიროგორ „ავერბოვკებს“ უშიშროება ემიგრანტებს – სკანდალური წერილი
შემდეგი სტატიააფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მიმართავს მოსახლეობას