დმიტრო კულება – უკრაინისთვის გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება

უკრაინისთვის გამარჯვება იქნება რუსეთის მიერ დაკავებული ყველა ტერიტორიის დაბრუნება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კულება აცხადებს, ომის პირველ თვეში უკრაინისთვის გამარჯვება იყო რუსი ჯარისკაცების 24 თებერვლამდე პოზიციებზე დაბრუნება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ახლა, როდესაც უკრაინის პოზიციები გამყარდა, ეს ამოცანები შეიცვალა.

„ახლა თუ ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ სამხედრო ფრონტზე და მოვიგებთ ბრძოლას დონბასისთვის, რაც იქნება გადამწყვეტი ომის დინამიკისთვის, ცხადია, გამარჯვება ჩვენთვის იქნება მთელი დარჩენილი ტერიტორიის გათავისუფლება“, – აცხადებს კულება.

მისივე თქმით, მხოლოდ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შავი ზღვის პორტების გახსნა.

„კიევი თუ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მხარდაჭერას მიიღებს, უკრაინელ სამხედროებს ექნებათ საშუალება, განდევნონ რუსები ხერსონის რეგიონიდან, დაამარცხონ შავი ზღვის ფლოტი და გახსნან გასასვლელი გზა“, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კულებას თქმით, უკრაინას სურს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების მომენტში მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. კულებას თქმით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„უკრაინა თუ არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაშინ გამოდის, რომ ევროპა გვატყუებს და ამას არ გადავყლაპავთ. უკრაინის ერთადერთი ადგილი არის ევროპა, სადაც ადამიანები კვდებიან იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ეფუძნება ევროკავშირი. ვფიქრობ, ამას პატივი უნდა სცენ“, – განაცხადა კულებამ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი – უცნაური პოზიციაა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს
შემდეგი სტატიაბაშკორტოსტანში, მალი იამანტაუს მთის ფერდობზე მდებარე ნაკრძალში ტყე იწვის (ვიდეო)