აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოცნება აასრულა, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„ტრამპმა აასრულა პუტინის ოცნება, ის ყოველთვის ცდილობდა პრობლემების პირდაპირ აშშ-თან გადაჭრას, ევროპელების ან სხვების გარეშე. მისი აზრით, ეს მოსკოვის თანასწორობისა და სიდიადის აღიარებაა, მაგრამ ტრამპის მიზანი პუტინის სიდიადე კი არა, საკუთარი სიდიადეა და პუტინზე ზეწოლა სადაც საჭირო იქნება, ის ამას გააკეთებს“, – განაცხადა კულებამ.
კულებას შეფასებით, აშშ-ისა და რუსეთის პირდაპირი საუბარი არ ნიშნავს, რომ ისინი შეთანხმდნენ.
„ასე იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც. პუტინმა შეიძლება, ძლიერი იმედგაცრუება მოუტანოს ტრამპს. ჩვენ მხოლოდ პროცესის დასაწყისში ვართ, სადაც ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ შედეგები არ არის. ყველაფერი წინაა“, – აღნიშნა უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კულებას თქმით, იმის რეალური ინდიკატორი, რომ პუტინი ტრამპთან შეთანხმებაზე მიდის, იქნება შეტევებისა და დაბომბვების ინტენსივობის შემცირება.
„დანარჩენი ყველაფერი ლაყბობაა, მაგრამ ესეც არ ნიშნავს ომის დასასრულის მოახლოებას, რადგან პუტინს მთავარი მიზანი – უკრაინის განადგურება დღის წესრიგიდან არ მოუხსნია“, – აღნიშნა კულებამ.
გარდა ამისა, როგორც კულებამ აღნიშნა, ევროპამ ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ აშშ-მა ის მიატოვა. კულებას თქმით, ეს კარგია როგორც ევროპისთვის, ისე უკრაინისთვის.
„თუმცა შეიძლება, ისინი ჩაეფლონ დისკუსიებში, თუ რა უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. ეს ცუდი იქნება როგორც მათთვის, ისე უკრაინისთვის. გადაწყვეტილებები თუ არ იქნება, ომი მივა ევროკავშირის ქალაქებში“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის რთული პროცესი იქნება, რადგან „შესაძლებლობების დერეფანი ვიწრო იყო და კიდევ უფრო ვიწროვდება“, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინას ბრძოლისთვის რესურსი ჯერ კიდევ აქვს.
„გახსოვდეთ, ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება და ჯერ კარგად თუ არ არის, ესე იგი ეს ჯერ ბოლო არ არის“, – განაცხადა კულებამ.