18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს შეხვდნენ: იქმნება სამუშაო ჯგუფი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე უწყვეტი აქციის მონაწილეებს — დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა. ორსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი ერთ-ერთმა მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა გააკეთა. მისი განცხადებით, მშობლები შეხვედრით კმაყოფილები არიან და პრემიერის მხრიდან რეალური მზაობა დაინახეს.

მშობლების თქმით, მათ პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს სრული ინფორმაცია იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ამერიკაში, ევროპასა და დიდ ბრიტანეთში უკვე აღიარებულია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ხოლო მომდევნო შეხვედრა მაქსიმუმ ზეგ გაიმართება.

„ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან პრემიერ-მინისტრის მხრიდან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფის ფორმატი. მაქსიმუმ ზეგ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა. ძირითად გადაწყვეტილებებს სწორედ მომდევნო შეხვედრებზე მივიღებთ“, — განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ზაქრო გვიშიანმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშობლების პროტესტი სრულად აპოლიტიკურია და ის მხოლოდ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას უკავშირდება. მან ასევე უარყო გავრცელებული ხმები ფარმაცევტულ კომპანიებთან რაიმე სახის კავშირზე:

„მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. მშობლების ძირითადი მოთხოვნა მხოლოდ მედიკამენტების მიღებაა. საზოგადოების სოლიდარობაც მხოლოდ ბავშვების საჭიროებებს უკავშირდება. არანაირი კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან არ გვაქვს. ძალიან ცუდად ჟღერდა, თითქოს რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია ფარმაცევტული მაფიის მიერ იყო მართული — ამ კითხვებსაც სრულად გაეცა პასუხი“.

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ოცნებამ” BBC-ის წინააღმდეგ საჩივარი მესამედ გადააგზავნა
შემდეგი სტატია“ჩემმა იდეალებმა მაქცია პოლიტიკურ პატიმრად” — ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაური