დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების საქართველოში შემოტანა და დაფინანსება.
მშობლების განცხადებით, სიმბოლური და მძიმეა ის ფაქტი, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მათ შვილების გასართობად წაყვანის ნაცვლად, ქუჩაში პროტესტით დგომა უწევთ.
სანამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებდნენ, მშობლები ოფიციალური მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფებოდნენ. მათ უწყებაში მინისტრის სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დატოვეს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირეს უმთავრესი მოთხოვნა — წამლების ქვეყანაში შემოტანის ვადების დაჩქარება, რადგან ყოველი დაკარგული დღე ბავშვების ჯანმრთელობისთვის კრიტიკულია.


















