დისკრიმინაციის შემთხვევებზე სასამართლოსთვის მიმართვის ვადა ერთ წლამდე იზრდება

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის ვადა შესაძლოა, სამი თვიდან ერთ წლამდე გაიზარდოს.
ამას სახალხო დამცველის მიერ მომზადებული და პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს. ცვლილებები “სამოქალაქო საპროცესო კოდექსში” იგეგმება.
კანონით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის ან დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ვადად კანონში სამი თვეა განსაზღვრული.
როგორც დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განმარტავს, უმეტეს შემთხვევაში, სახალხო დამცველისთვის მიმართვის პარალელურად, მომჩივანი სარჩელით სასამართლოსაც მიმართავს, რაც სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების შეჩერებას იწვევს. მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველმა უკვე ხუთ მნიშვნელოვან საქმეზე შეაჩერა საქმის განხილვა, სასამართლოსთვის მიმართვის გამო. აღნიშნულის შედეგად კი, უამრავი დავა და მათი სწრაფი მოგვარების შესაძლებლობა სახალხო დამცველის კომპეტენციის გარეთ რჩება.
“სახალხო დამცველისთვის და სასამართლოში სარჩელით მიმართვა არის ძირითადი სამართლებრივი საშუალებები იმ სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურად განსახორციელებლად, რასაც დისკრიმინაციასთან ბრძოლა გულისხმობს. საკანონმდებლო ბადე ისე შეიძლება მოეწყოს, რომ სახალხო დამცველისა და სასამართლოს ფუნქციები ერთმანეთს არ ფარავდეს და მათი თანაარსებობა, ურთიერთდახმარების გზით ორიენტირებული იყოს დისკრიმინაციისგან ადამიანთა ეფექტურ დაცვაზე”, – აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
გარდა ამისა, როგორც პროექტის ავტორი აცხადებს, სასამართლოში მიმართვის სამთვიანი ვადა ძალიან მცირეა ხანდაზმულობის სხვა ვადებთან შედარებით და სასამართლოში სარჩელის შესატანად და საქმის მასალების მოსამზადებლად საკმარისი არ არის.
დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კანონში იცვლება ისიც, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველთან თანამშრომლობის ვალდებულება ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ. გარდა ამისა, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გამო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, სახალხო დამცველის მიერ საქმის წარმოების გაჩერების საფუძველი აღარ იქნება.

banner
წინა სტატიაში„მრეწველები“ „ოცნების“ სიაში აღარ იქნებიან?
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნება”- პენსიის გასაზრდელად თანხების მოძიება მიმდინარეობს