“დისკრედიტაციის კამპანიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა” -კულტურის მინისტრი ბრალდებებს პასუხობს

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისი და მისი მეგობრების წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია დაიწყო, რამაც შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო.

კულტურის მინისტრი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს საკითხების შესაწავლისკენ მოუწოდა.

“დისკრედიტაციის კამპანიამ პირადად ჩემს წინააღმდეგ და ჩემი გუნდის წინააღმდეგ, ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა, მოვუწოდო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და ბოლოს და ბოლოს წერტილი დაუსვან ამ თემას. მე ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ ვიდრე საბოლოო დასკვნები არ დაიდება”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ არის საუბარი. კვლევის თანახმად, მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნიდან დღემდე, კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან, გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით, 2 421 743 ლარი აქვთ მიღებული.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის კომიტეტი მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიაგლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს