დირკ ბუშლე – შევთანხმდით, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ვაწარმოებთ რისკების შეფასებას, ხოლო რიონის ხეობაში მოხდება რკინის ბარიერების მოხსნა და პოლიციის გაყვანა

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის ხელმძღვანელის, დირკ ბუშლეს განცხადებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის პროექტის რისკების შეფასებაზე, ხეობიდან პოლიციის გაყვანასა და საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაზე.

„ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა იყო. ის მოიცავდა დისკუსიას. რა თქმა უნდა, იყო წინააღმდეგობრივი აზრებიც, თუმცა საბოლოოდ მოვახერხეთ შეთანხმება სამ ძირითად საკითხზე. პირველი – ეს არის „ნამახვანის“ პროექტთან დაკავშირებით შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რისკების შეფასებას სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება რისკები, შემდეგ უკვე ვაწარმოებთ ამ რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით დიალოგს და ერთად შევეცდებით, რომ ისინი აღმოვფხვრათ.

მეორე საკითხი ეხებოდა რიონის ხეობაში არსებულ სიტუაციას. კერძოდ, როგორ უნდა მოხდეს მისი დეესკალაცია. შევთანხმდით რამდენიმე მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი არის რკინის ბარიერების მოხსნა, საპოლიციო ძალების გაყვანა და იქ მყოფი ადამიანებისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლების უზრუნველყოფას გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მესამე საკითხს, ეს შეეხებოდა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრას საქართველოში. ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობა შეადგენს დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის განხილული იქნება ჰიდროელექტროსადგურების წილი და როლი მთლიან ენერგოუსაფრთხოებაში. შემდეგ მოხდება ამ დოკუმენტის განხილვა, სხვა ალტერნატიულ საშუალებებთან ერთად.

სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად იქნება ჩართული ამ განხილვებში და რა თქმა უნდა, არ იქნება ეს დოკუმენტი დოკუმენტისთვის, არამედ აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებადი.

რაც შეეხება მედიაციის პროცესის გაგრძელებას, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენ მიერ შეთანხმებული პირობების შესრულებაზე. ეს პირობები ვადებში ეფექტურად თუ აღსრულდება, რა თქმა უნდა მედიაცია აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაგოლეთიანი: ხელისუფლებამ პარასკევამდე უნდა განახორციელოს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა, რკინის ბარიკადების აღება და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაშვება