„პრეზიდენტის დღევანდელმა ტონმა გამაოცა, თითქოს სკოლის დირექტორი გველაპარაკებოდა“- სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

სალომე ზურაბიშვილი - არა მგონია, ევროკავშირში მომავალ კვირას ჩვენთვის ეცალოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაციას არ მივიღებთ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ორგანოს მიმართ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართვა საინტერესო იყო, თუმცა ის ქვეყნის პირველი პირის დამრიგებლურმა ტონმა გააოცა.
როგორც ზურაბიშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლის დროს, მისთვის ყველაზე საინტერესო მართლმსაჯულების სისტემის თემა იყო, რომელიც ბოლომდე მისაყვანი პროცესია.
„პრეზიდენტის მიმართვა საინტერესო იყო. მისმა დამრიგებლურმა ტონმა ცოტა გამაოცა, თუმცა ესეც გასაგებია. მის მიერ გაჟღერდა მართლმსაჯულების თემა, რაც საინტერესოა. დანარჩენი თემები კი, ცოტა მოძველებურია, ვინაიდან, მედიის თავისუფლების პრობლემა ქვეყანაში არ არსებობს. ის, რომ მედია დასაცავია, ამაში ვეთანხმები, მაგრამ პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტს საკუთარ გამოსვლაში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაავიწყდა.
„გამიკვირდა ასევე ის, რომ პრეზიდენტმა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ ახსენა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ეხება. მილიონ ხუთასი ათასი ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და ისინი პრეზიდენტს დაავიწყდა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან თანამშრომლობა და კორდინაცია აუცილებელია, თუმცა მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტის თავად არ ჰქონია თანამშრომლური ტონი.

„თანამშრომლობა აუცილებელია, თუმცა მისმა ტონმა დღევანდელმა ცოტა გამაოცა და არ ვთვლი, რომ ეს იყო თანამშრომლობის ტონი. მე დღეს დილით მქონდა განწყობა, რომ სკოლაში შევდიოდი და ეს განწყობა გაამყარა პრეზიდენტმა, რომ უცებ დირექტორი გველაპარაკება და თითს გვიქნევს. ასეთი შთაბეჭდილება დამიტოვა, მაგრამ ვნახოთ. თანამშრომლობა აუცილებელია და მე ვთვლი, რომ ეს პარლამენტი უნდა იყოს ბევრად საქმიანი ვიდრე იყო პარლამენტი აქამდე,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : მოუთმენლად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას
შემდეგი სტატიაარ მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტს მისცემენ თავისი იდეების განხორცილებების საშუალებას