29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“დიქტატურის მცდელობა, დაემკვიდრებინა შიში, გუშინ ჩაფლავდა”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინ გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, საზოგადოების მასშტაბურმა პროტესტმა ქვეყანაში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობას „ახალი სუნთქვა გაუხსნა“ და ხელისუფლების მცდელობები ნიჰილიზმის დასანერგად დაამარცხა.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ პროტესტმა მკაფიო სიგნალი გაუგზავნა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ სპექტრს.

„რა თქმა უნდა, საჭიროა უკეთესი ორგანიზება, მეტი ბრძოლაც, თუმცა დიქტატურის მცდელობა, დაენერგა ნიჰილიზმი, დაემკვიდრებინა საყოველთაო შიში, გუშინ ჩაფლავდა. ასევე გუშინდელი დღე ჭკუის სასწავლებელი იყო იმ პოლიტიკოსებისთვის, ვინც პროტესტს ბოიკოტი გამოუცხადა“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს, თითოეულ მონაწილეს და მათ, ვინც პროტესტზე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდა:

„დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა, ორგანიზატორებს და ინიციატორებს. ასევე დიდი მადლობა მათ, ვინც ჩემი და სხვა პოლიტპატიმრების სურათებით გამოვიდა და იმ გამომსვლელებს, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ როცა ერთად ვართ, ბევრი ვართ. როცა ბევრი ვართ, ვერ გვერევიან“.

მესამე პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავარია საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელება. „საქართველო ჯერ არ მომკვდარა, ის პირიქით ძალებს იკრებს და ისევ დადგება ფეხზე. ოღონდ არსებული მუხტი არ უნდა გავაციოთ, პირიქით გავაძლიეროთ და წინააღმდეგობის მოძრაობა უნდა მოედოს მთელ ქვეყანას. თუ გაბედულად ვიმოქმედებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ — აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გორში პოლიციის ძალადობაზე გამოძიების მონიტორინგს იწყებს
შემდეგი სტატია“გირგვლიანზე თავდასხმის კადრები რომ გადაეღოთ, მსგავსი იქნებოდა”- ადვოკატი