ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას შეხვდა. ტიხანოვსკაიამ ნავალნის ცოლთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნავალნი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა მოკლა.
“ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, ვინ არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე. ის პუტინის რეჟიმმა მოკლა. ეს არის შეხსენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ დიქტატორები არაფერზე ჩერდებიან. დემოკრატიულმა სამყარომ სიმამაცის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. პასუხი სისასტიკეზე გადამწყვეტი უნდა იყოს.
ჩვენ გვეშინია ათასობით ბელარუსი პოლიტპატიმრის სიცოცხლის. ბევრი მათგანი დაკავებულია ტყვეობაში გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე. არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა. ჩვენ არ შეიძლება ციხეებში ახალი სიკვდილიანობის დაშვება.
ჩვენ გვჭირდება ორი დიქტატორის იზოლირება, მათ რესურსები უნდა გამოვაცალოთ და ვაიძულოთ, რომ გადაიხადონ ყველა დანაშაული – უკრაინელების წინააღმდეგ, ბელარუსების წინააღმდეგ, მსოფლიო მშვიდობისა და წესრიგის წინააღმდეგ.
ამ რთულ ბრძოლაში გასამარჯვებლად, ჩვენ გვჭირდება სტრატეგია და მოქმედების კონკრეტული გეგმა. იმედი მაქვს, ამ დისკუსიების დროს მოვისმენ კონკრეტულ იდეებს, რომლებიც დაგვეხმარება ბელარუსის დემოკრატიისკენ წინსვლაში და ევროპაში მშვიდობის აღდგენაში”, – აცხადებს ტიხანოვსკაია.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.