“დიპლომატთა კლუბი” “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო უაღრესად შეშფოთებულია

“დიპლომატთა კლუბი” “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო უაღრესად შეშფოთებულია. “საქართველოს დიპლომატთა კლუბი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს დიპლომატთა კლუბი უაღრესად შეშფოთებულია იმ უკანასკნელი მოვლენებით, რაც უდიდესი დამოუკიდებელი მედია კომპანიის “რუსთავი 2″-ის გარშემო განვითარდა. სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის, მედია პლურალიზმისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად გამოყენებამ, უაღრესად ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს პერსპექტივას, ააშენოს ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და პლურალისტურ დემოკრატიაზე.
საქართველოს კონსტიტუციის და ჩვენ მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, უგულებელყოფა ხელისუფლებების გამიჯვნის პრინციპისა, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა, უეჭველად ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და საშიშროებას შეუქმნის ჩვენს ადგილს დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, მით უფრო, რომ ყოველივე ზემოხსენებულზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება. საშიშროების წინაშე დგება თვით ჩვენი სახელმწიფოს საძირკველი, ყველაფერი ის პოზიტიური, რისთვისაც მიგვიღწევია.
ყველა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რათა დაუყოვნებლივ შევაჩეროთ ეს კარგად ორკესტრირებული მოქმედებები, რომლებსაც მივყავართ ქაოსისკენ და შეიძლება გადაგვახვევინოს ევროპული მომავლის გზიდან.
როგორც დიპლომატები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მისი კეთილდღეობის დასაცავად. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს კოლეგებს, მოქმედ დიპლომატებს გათავისებული აქვთ, თუ რამდენად სერიოზულია ვითარება და რომ ისინი საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ საქართველოს კონსტიტუციის, დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესატყვისად, პროფესიონალიზმის და სამშობლოსათვის თავდადების პრინციპებზე დაყრდნობით”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“სამხედრო მოსამსახურეების კეთილდღეობა ჩვენი მთავარი ამოცანაა”
შემდეგი სტატია,,მო@@@@ან თანმიმდევრულობა”- ირინა სარიშვილი თინა ხიდაშელს