დიპლომატებისა და რუსთავი2-ის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ რუსთავი2-ის საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე

დიპლომატებისა და რუსთავი2-ის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ რუსთავი2-ის საქმეს გამოეხმაურა საფრანგეთის ელჩი პასკალ მონიე, მისი თქმით რუსთავი2 გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში და მფლობელის ვინაობის მიუხედავად, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს ისეთი, როგორიც დღესაა. პასკალ მონიეს განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი იყო. საფრანგეთის ელჩის თქმით სასამართლოს დამოუკიდებლობა ნამდვილი დემოკრატიის გარანტიაა და სურს იმედი იქონიოს, რომ საქრთველოს მთავრობა არ ერევა სასამართლოს საქმეებში:
“დღეს სწორედ რუსთავი2-ის გუნდის მხარდასაჭერად მოვედი. თქვენი ტელეარხი ძალიან პოპულარულია, უამრავი ადამიანი უყურებს თქვენს გადაცემებს. ის ფაქტი, რომ გაქვთ პოზიტიური, კონსტრუქციული და კრიტიკული მიდგომა ახალი ამბების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, როდესაც ძლიერი უმრავლესობა არსებობს და მთავრობას შეუძლია, თავი მშვიდად იგრძნოს პოლიტიკის გატარებისას პარლამენტის სრული მხარდაჭერით, არასამთავრობოებს, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას უფრო დიდი როლი ეკისრება. ამიტომ საფრანგეთის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა და განცხადება გააკეთა საქართველოსი დემოკრატიის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, მთავრობა მოგვისმენს. ჩვენ არ ვერევით სასამართლოს გადაწყვეტილებაში და, როგორც ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მას რა შედეგებიც მოყვება. ევროპულმა სასამართლომ პირველად მიიღო თავისუფალ მედიასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება და ამით აჩვენა, რომ საქმე მნიშვნელოვანია. ევროკავშირში ყველას ესმის, რომ რუსთავი2 გამოხატვის თავისუფლების სიმბოლო გახდა საქართველოში. სწორედ ამიტომ გყავთ ბევრი მხარდამჭერი. წავიკითხე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრა სტრასბურგში. გასაგებია ისიც, რომ ყველა პარტია გამოხატავს საკუთარ აზრს სასამართლოს მიმართ. ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ სასამართლოს საქმეებში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაც ნამდვილი დემოკრატიის გარანტიაა და გვინდა, იმედი გვქონდეს, რომ მთავრობაც არ ერევა სასამართლოს საქმეებში,” – განაცხადა პასკალ მონიემ.

banner
წინა სტატიაშიტექნიკურმა უნივერსიტეტმა ფოთში გამოფენა მოაწყო
შემდეგი სტატიამერიამ თავისი წილი გასაკეთებელი საქმე გააკეთა