დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აეროპორტში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

9C7A7370ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ვიცე-პრემიერი აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების ადგილზე გასაცნობად მიმდინარე წლის 5 აპრილსაც იმყოფებოდა, რა დროსაც განაცხადა, რომ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესს პირადად გააკონტროლებდა და ყოველკვირეულად ჩაიბარებდა ანგარიშს კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი კომპანიებისგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც აღიჭურვება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით. ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია 11 კვირაში უნდა დასრულდეს.
გასული კვირის შესრულებული სამუშაოები:
სამიმოსვლო ბილიკის 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაგებულია 22 მეტრის სიგანის, ასფალტის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა;
სამიმოსვლო ბილიკის „ჩარლის“ დანარჩენ მონაკვეთზე მიმდინარეობს არსებული საფარის მოფრეზვის და მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება დანარჩენ მონაკვეთზე ასფალტის გადაგება.
ასაფრენ/დასაფრენი ზოლის 13R კურსით დაგებულია 560 მეტრი სიგრძის და 60 მეტრის სიგანის პირველი ანუ შემასწორებელი ფენა.
ასაფრენ/დასაფრენი ზოლის ორივე მხარეზე (13R კურსით) მოეწყო საჰაერო ხომალდების მოსაბრუნებელი ადგილები.
აღნიშნულ პროცესს ზედამხედველობას უწევს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ტექნიკური კონსულტანტი, რაც, ვიცე-პრემიერის განცხადებით, არის რეალური გარანტია იმისა, რომ სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება მაღალი ხარისხით და IATA-ს სტანდარტებით. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, კომპანიები „ტავი“ და „ბლექსი ჯგუფი“ იღებენ ვალდებულებას, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროულად და სათანადო ხარისხით შესრულდება.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში იაპონიის ტოშიო კაიტანს ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიახელისუფლების ერთიანი პოზიცია არ არსებობს