დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება გააკეთა

ტრანსფორმირებადი საგადასახადო სისტემა განვითარებად ქვეყნებში: საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგია, – ასე ერქვა სესიას, სადაც მთავარ მომხსენებლად გამოვიდა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მთავარ მაგალითად საქართველოში განხორციელებული და საშუალო ვადაში განსაზღვრული საგადასახადო სფეროს რეფორმები დასახელდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოხსენება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გააკეთა. უწყების ინფორმაციით, სესია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტორ გასპარმა გახსნა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოში დაინერგა საშუალოვადიანი ბიუჯეტირების განხორციელების სტრატეგია. შედეგად, დღეს საქართველოს ბიუჯეტის პროექტთან ერთად, წარადგენს საშუალო პერიოდზე გათვლილ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც მოცემულია საბიუჯეტო პარამეტრების პროგნოზები. მისი თქმით, იმისათვის რომ საზოგადოებასა და ბიზნესს ჰქონდეს ნდობა აღნიშნული პროგნოზების მიმართ, ის უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე, გასაგები და გაცილებით ინსტრუმენტალური. „ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ პროგნოზების საიმედოობა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა ყველა იმ საგადასახადო შინაარსის რეფორმაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ იქნება განხორციელებული საშუალოვადიან პერიოდში. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე და მისგან გამომდინარე რეფორმებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმაზე, რომელიც ბიზნესს დამატებით ფინანსურ რესურსს უტოვებს რეინვესტირებისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ასევე, ისაუბრა 4-პუნქტიანი გეგმის ყველა მახასიათებელზე, მათ შორის, სივრცითი მოწყობის კომპონენტზე, რომელიც საქართველოში სატრანსპორტო გზის ხერხემლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აგრეთვე, ფისკალურ რეფორმებზე, რომელმაც ბიუჯეტის კონსოლიდაციას შეუწყო ხელი.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალების“ აქციის გამო რუსთაველზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი – არ დავუშვებთ პუშკინის სკვერის ვიღაცისთვის ლარად გადაცემას, ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება