დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს სტიქიური მოვლენების დროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) 2015 წლის თბილისის სტიქიური მოვლენების დროს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი საფინანსო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააკეთა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სწორედ EIB იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მზადყოფნა განაცხადა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხების გამოყოფის შესახებ, რაც რეალურად განხორციელდა და ქვეყანამ 50 მილიონი ევრო მიიღო.

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს.

ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის, დაფინანსების გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონ ევროს ახალი გზების მშენებლობისა და არსებული პრიორიტეტული გზების განახლებისთვის გამოყოფს; 100 მილიონ ევროს – მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის; 100 მილიონი ევრო კი – სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, გრძელვადიანი, ხელსაყრელი პირობებით დაფინანსებისთვის გამოიყოფა.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავა : რუსი დეპუტატების განცხადებები განწყობას ვერ გაგვიფუჭებს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე იქნება