დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი გუდაურის განვითარების პროექტი განიხილა

ახალი გუდაურის გენერალური განვითარების პროექტი განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ცალკეული სამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის კვლევასთან ერთად, კომპანია „რეზორტ დეველოპმენტის“ დაკვეთით, სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოზაინმა“ და საკონსულტაციო კომპანია „EY“-მ მოამზადეს.
შეხვედრას დაესწრნენ როგორც „რეზორტ დეველოპმენტისა“ და მისი პარტნიორი კომპანიების, საპარტნიორო ფონდის, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე „რეზორტ დეველოპმენტისა“ და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს როგორც საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალზე, ისე უშუალოდ ახალი გუდაურის განვითარებაზე. აღნიშნულ კურორტზე „რეზორტ დეველოპმენტი“ უძრავ ქონებას ფლობს და გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას. კომპანიამ კვლევა ჩაატარა 8 ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, თურქეთსა და საქართველოში.
მათი ინფორმაციით, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს 300 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს ყოველწლიურად. რაც შეეხება ახალ გუდაურს, დაგეგმილია 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ეტაპობრივი დაბანდება. ამასთან, პირველ ეტაპზე, ეს თანხა 40 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
„ჩვენ კერძო სექტორთან ერთად შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება. ეს მოგვცემს ახალ სამუშაო ადგილებს და გუდაურის კურორტის შემდგომ განვითარებას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამსვენებლებს შევთავაზოთ უფრო ხარისხიანი და ახალი სერვისები,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიზალიბერალიზააციის თემაზე დაგეგმილი იანოშ ჰერმანის ხვალინდელი პრესკონფერენცია გადაიდო
შემდეგი სტატია9-წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად იზრდება