დიმიტრი ქუმსიშვილი: საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის

ეკონომიკის მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი ავტომობილების გაუმართაობის გამო ხდება.

ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა დღეიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების ამოქმედების მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

მისი თქმით, ავტოსატრანპორტო საშუალებების სავალდებულო ტესტირება მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება უნდა მოყვეს. დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროდ სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. საყურადღებოა, ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების ამოქმედების მიზნით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 დეკემბრის ჩათვლით მოხდება.

საქართველოს მთავრობა ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებიასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო კომპანიას დაიქირავებს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერება სავალდებულო 2017 წლიდან გახდება.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: პარლამენტს არც სანდრა რულოვსის შესვლით შეემატებოდა რამე და არც მისი შეუსვლელობით დაუკარგავს რამე
შემდეგი სტატიაენძელა მაჭავარიანი: წამიკითხავს – ხალხი ტელევიზორზე, მაცივარზე, ძაღლზე, კატაზე ქორწინდება