დიმიტრი ქუმსიშვილი – ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში არაერთხელ გავიმარჯვოთ გამოწვევებზე

მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდგორში „დიდგორობა 2016“-ის აღსანიშნავი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის ”დიდგორობა” ყოველთვის იყო და რჩება გამარჯვების დღედ.

„მინდა დღევანდელი დღე მთელ საქართველოს მივულოცო. დიდგორობა საქართველოსთვის არის დღე, როდესაც ქართველმა კაცმა გამოავლინა თავისი სიმამაცე, შეიკრა ერთ მუშტად და გაიმარჯვა მასზე უზომოდ დიდ ძალაზე. მე მჯერა, რომ ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში კიდევ ერთხელ, არაერთხელ გავიმარჯვოთ სხვადასხვა გამოწვევებზე. შეიძლება ეს არ იყოს ხელჩართული ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის არის გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ერის გაერთიანება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.

დიდგორში შეკრებილ მოსახლეობას თავდაცვის მინისტრმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა მიმართეს.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ორი სამხედრო მოსამსახურე საომარი და საბრძოლოო მოქმედებების დროს გაბედური მოქმედებებისთვის ლიდერის თვისებებისა და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის მედლით “დიდგორის ჯვარი” დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი ღარიბაშილი ქორწინების საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივას ემსხვერპლა”
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მათი აქტივისტების ოჯახებიდან ძროხების მოპარვაში ადანაშაულებს