დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ყაზახეთის მთავრობის წევრები, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე და ყაზახეთის ელჩი საქართველოში ერმუჰამეთ ერთსიბაევი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც არსებობს საქართველო–ყაზახეთის ურთიერთობებში. მათ შორის, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე გამოიკვეთა ის სფეროები, სადაც ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნებს შორის შეიძლება გაცილებით ნაყოფიერი იყოს. საქართველოს ვიცე–პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის ზრდა ყველა მიმართულებითაა. „ეს არის კონკრეტული ციფრები, რომლებიც გვარწმუნებს, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ ყაზახეთიდან,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ასეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ტრანზიტი და ლოგისტიკა მოიყვანა.

მისი განცხადებით, ყაზახეთსა და საქართველოს, ერთობლივი ძალისხმევით, შეუძლიათ მოიზიდონ დამატებითი ტვირთები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩინეთიდან. შეხვედრაზე აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითად მხარეებმა მოიყვანეს სარკინიგზო გადაზიდვები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა ჩინეთიდან ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. ყაზახური მხარემ დადებითად შეაფასა ის ნაბიჯები, რომელიც იდგმევა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მათ შორის, სწორედ ე.წ. კასპიური სატრანზიტო დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც განიხილება განახლებული აბრეშუმის გზის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. შეხვედრაზე კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება. ესაა თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოსა და ყაზახეთს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირე კვირაში 20–მდე გაიზარდა, რაც აუცილებლად აისახება ყაზახეთიდან საქართველოში დასვენების მსურველთა რაოდენობაზე.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივიან
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი და სოსო მანჯავიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ