დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს შეხვდა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს მაჰმუდ ვაეზის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ირანის თანამშრომლობის პერსპექტივებზე კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე, განიხილეს ორმხრივი და რეგიონული პროექტები, რომელთა განვითარებასაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აღნიშნული სექტორის განვითარების კუთხით ხორციელდება.

ქუმსიშვილმა თავის ირანელ კოლეგას რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება შესთავაზა. მათ შორის, ევროპა-აზიის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის ფორმირების კუთხით.

აუდიენციისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ქვეყანაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მიმართულებით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მაჰმუდ ვაეზის ევროპის ქვეყნებიდან ირანის ისლამური რესპუბლიკაში შემავალი და ირანიდან ევროპაში გამომავალი საერთაშორისო საინფორმაციო ტრაფიკის საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად გატარების შესაძლებლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.

მინისტრის განცხადებით, ირანი დაინტერესებულია საქართველოდან მიიღოს ინტერნეტის მეტი მოცულობა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ორივე ქვეყნის კერძო სექტორს შორის ამ მიმართულებით წარმატებული იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე ისაუბრა ქვეყნის შიგნით ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში განხორციელდება პროექტი, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი
კაბელით სატელეკომუნიკაციო სერვისებს იმ დასახლებულ პუნქტებამდე მიიტანს, სადაც დღეისათვის ამ სახის დაფარვა არ არსებობს და გადასცა საქართველოს მზაობა, ირანულ მხარეს გაუზიაროს აღნიშნული გამოცდილება.

ეკონომიკის მინისტრმა მაჰმუდ ვაეზის მიაწოდა ინფორმაცია ბოლო წლებში სატელეკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მსშტაბური პროექტის – ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ, რომელიც საქართველომ უპრეცენდენტოდ მოკლე დროში განახორციელა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით საქართველოსა და ირანში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. დიმიტრი ქუმსიშვილმა ირანელ სტუმარს ასევე გააცნო ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში ხორციელდება.

ირანის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა მაჰმუდ ვაეზიმ განაცხადა, რომ ირანი დაინტერესებულია საქართველოსთან განავითაროს ურთიერთობები ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ირანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, ქვეყნები შეძლებენ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ირანის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის პერსპექტივებზე საქართველოსა და ირანის რკინიგზებს შორის. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დასრულდება ირანი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს მაჰმუდ ვაეზი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სამთავრობო და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებს.

banner
წინა სტატიაშიიგორ გიორგაძის შემდეგ ინტერპოლმა ძებნიდან თემურ ბასილიაც მოხსნა
შემდეგი სტატიაკორცხელის სკანდალური დაპირისპირების მონაწილე სპორტსმენები მილანსა და ნიუ იორკში მოგზაურობენ