დიმიტრი ქუმსიშვილი – გაჩნდა ასეთი ფენომენი – გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას დადებითად და პროდუქტიულად აფასებს.

ამის შესახებ ქუმსიშვილმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ აფასებს გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას მთავრობის მეთაურის პოსტზე. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში უკვე მიმდინარეობს.

„ვაფასებ უაღრესად დადებითად და პროდუქტიულად. მეც რომ არ შევაფასო არაერთი კვლევა ადასტურებს ამას. გაჩნდა ასეთი ფენომენი – გიორგი კვირიკაშვილის ეფექტი, რომელიც პირდაპირ აისახა დამოკიდებულებაზე ბიზნესის კეთებისადმი. ბატონი გიორგის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა ამ წუთში მიმდინარეობს. გადასახადების დაწევის ნაწილში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმის განხილვა პარლამენტის კომიტეტებმა უკვე დაიწყეს, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტიდან გვექნება ამ მიმართულებით დიდი მხარდაჭერა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სტარტაპების მიმართულებით დიზაინი პრაქტიკულად დასრულებულია და უახლოეს დღეებში მათი დაანონსება მოხდება. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, განათლების ნაწილში რეფორმის პირველი პუნქტის პრეზენტაცია უკვე გაიმართა.

„ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სივრცითი განვითარება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ დონორ ორგანიზაციებთან. ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და აქაც ჩვენ არა ერთი ახალი გზა, ხიდი, ინფრასტრუქტურა გვექნება, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს და გააჯანსაღებს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მინდა, პოლიტიკურმა პარტიებმა ადრე დაგეგმონ საარჩევნო კამპანია”
შემდეგი სტატია„112“-ის დეპარტამენტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, 82 ქვეყანას შორის გამარჯვებული გახდა