დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ცეან ქემინგის შეხვდა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილეს ცეან ქემინგის (Qian Keming) შორის.

შეხვედრის მსვლელობისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა თბილისის ფორუმის მნიშვნელობა ქვეყნისთვის და რეგიონისთვის, რომელიც წარმოადგენს ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის „გზისა და სარტყელის“ ინიციატივის გამოძახილს, ეფუძნება „win-win“-ის პრინციპს და ისწრაფვის მაქსიმალური კეთილდღეობის მიღწევაში ყველა მონაწილისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები დადებითი ტენდენციებით ხასიათდება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 728 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 19%), ჩინეთი არის საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზე, საქართველოს მთლიან ბრუნვაში 8.5%-იანი წილით. მათ შორის: ექსპორტმა შეადგინა 184.5 მლნ. აშშ დოლარი, რაც 27%-ით მეტია 2016 წლის 10 თვის მონაცემებთან შედარებით. ექსპორტის მიხედვით უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთი მე-3 ადგილზეა, საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.4%-იანი წილით.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლა 2018 წლის პირველი იანვრიდან დამატებით შეუწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და ზრდას.

ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი არის პირველი ფორუმი, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში იმართება ჩინეთის გარეთ. ხოლო, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩინეთი ძალიან მრავალრიცხოვანი დელეგაციით არის წარმოდგენილი ფორუმზე.

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ზონების განვითარებასა და სამეწარმეო სიმძლავრეების ზრდის ხელშეწყობის სფეროში თანამშრომლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის.

ხსენებული მემორანდუმი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის, ინვესტიციებისა და საწარმოო შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, საწარმოებისათვის თანამშრომლობის პლატფორმის მშენებლობას და სამრეწველო კლასტერების გაძლიერებას.

banner
წინა სტატიაშიბახტრიონის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინა იწვის
შემდეგი სტატიაშსს–ს დაცვის პოლიციის ახალ უფროსად გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა