დიმიტრი ქუმსიშვილი: აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატასა და საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის შემადგენელია და ამ კონტექსტში მან აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-კარწახის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის პორტი დაასახელა. მისივე თქმით, ხელისუფლება მნიშვნელოვან ძალისხმევასა და ინვესტიციებს ახორციელებს ამ მიმართულებით.

„ეს ყველაფერი არის შემადგენელი აბრეშუმის გზის და შესაბამისად, დღეს თუ ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვა არის 500 მილიონი ტონა წლის განმავლობაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთებს წამოვიღობთ ჩვენს კორიდორში. შესაბამისად, ასეთი ტიპის შეხვედრები, რომელსაც სავაჭრო პალატები აწყობენ, როცა კერძო ბიზნესს აქვს შესაძლებობა, რომ მათ მეტი კავშირები დაამყარონ, კონკრეტული შედეგები დადონ, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს, დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქციულად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ზუსტდება მეორე რაუნდის თარიღი, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულის დასაწყისში გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს რომ მოლაპარაკებები ოთხ რაუნდში ჩაეტევა და წლის ბოლომდე მორჩება.

ღონისძიებას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე დაესწრო. მან აღნიშნა, რომ სავაჭრო პალატა არა მხოლოდ კონტაქტების დამყარებას უწყობს ხელს, არამედ მას უკვე გააჩნია 650 მილიონიანი ფონდი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციებისთვის არის მოზიდული.

„ხვალ საპარტნიორო ფონდს გვაქვს შეხვედრა სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობასთან. მემორანდუმს გავაფორმებთ თუ რა მიმართულებითაა შესაძლებელი ვიმუშაოთ ერთობლივ ინვესტიციებზე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის დელეგაციას მისი თავმჯდომარე ნიუ იან ზონგი ხელმძღვანელობს. დელეგაცია თბილისს 3 აპრილს ეწვია.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება
შემდეგი სტატიაISIS ვიდეოს ავრცელებს – ჯიჰადისტები ლონდონს, ბერლინსა და რომს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან