რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ნამდვილ ომად იქცა, რადგან კიევს მხარს დასავლეთის სახელმწიფოები უჭერენ.
კრემლის წარმომადგენლის მტკიცებით, პროცესი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახით დაიწყო, თუმცა უცხოური ჩართულობის გამო ფორმა შეიცვალა.
„მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია. იცით, რატომ არის ეს ომი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია და გრძელდება, როგორც ომი, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი. იმიტომ, რომ თავიანთი თანამგზავრების მეშვეობით ეხმარებიან სამიზნეებზე დარტყმაში“, — განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. მისივე მტკიცებით, უკრაინის მხრიდან რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერება ფრონტის ხაზზე კიევის პოზიციების გაუარესებით არის განპირობებული.
















