დიმიტრი ხუნდაძე – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს

პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს გამოეხმაურა.

„ჯანდაცვა და ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა ბევრად უფრო მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა. ასეა დღეს და ასე უნდა ყოფილიყო მაშინაც, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყოველ მეორე დღეს თითო გვამი გამოჰქონდათ. როდესაც პატიმრები განწირულნი იყვნენ ტუბერკულოზით, C ჰეპატიტით და სხვა მძიმე დაავადებებით გამოწვეული სიკვდილისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ წამებაზე და არაადეკვატურ მოპყრობაზე. მე მაშინაც ადამიანების ჯანმრთელობას ვიცავდი და ამას ვაკეთებ დღესაც. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა თუ რისთვის იხდის პატიმარი სასჯელს, ეს პროკურატურამ და სასამართლომ არკვიოს. ვეთანხმები საქართველოს პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არის განსაკუთრებული პატიმარი, მხოლოდ იმიტომ რომ ის იყო ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. ამას ჩვენი გუნდი თითოეული წევრი აანალიზებს“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის მზად არის თავის კოლეგებთან ერთად ეწვიოს გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას და ადგილზე გაეცნოს მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ყველაზე მეტად ხელისუფლება იცავს. ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ თუნდაც იმიტომ რომ ბევრ ოპოზიციონერს ეს შეიძლება საკუთარი მიზნის მისაღწევად უნდოდეს. ჩემი სიტყვები რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ჩემს კოლეგებთან ერთად ვეწვევი გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებას, ადგილზე შევისწავლით სიტუაციას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ადგილზე ყველანაირი პირობაა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

წინა სტატიაშიISFED: გვაქვს დოკუმენტი, რომელიც სკოლის დირექტორების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას ამხელს
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს მობილობის მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციები, საყურადღებოა, რომ ამ მიმართულებებითაც ვიფიქროთ