3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

დიმიტრი ხუნდაძე: “გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია”

“გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია”, – ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის პარტიის, “ხალხის ძალა”-ს დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

ხუნდაძე ფიქრობს, რომ თუ საკითხი არ გადაიხედა ძველი ავტომობილები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში.

“გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს.

ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირტო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება.

რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.

სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი, “ხალხის ძალა”, მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში.” – წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 12 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების საქართველოში შემოყვანა.

banner
წინა სტატიაშირა სურთ პარტნიორებს, ნამდვილი არჩევნები თუ უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება?! – ზელენსკი
შემდეგი სტატიაბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს