დიმიტრი ხუნდაძე: დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი

დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ მიმოიხილა ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა და ასევე, შეეხო საგარეო პოლიტიკაში, კერძოდ, რუსეთ-თურქეთს შორის დაძაბულ სიტუაციას.
“2015 წელი დაიწყო სავალუტო კრიზისით მსოფლიოში და სრულდება მძიმე პოლიტიკური დაძაბულობით. ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოზეც, თუ როგორ გავლენას იქონიებს, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული – რამდენად შევძლებთ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად ვაწარმოოთ მშვიდი, ზომიერი, გაწონასწორებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა რეგიონში”, -განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, რუსეთ-თურქეთს შორის წარმოშობილი კონფლიქტი და დაძაბულობა სირიის ამბების გაგრძელებაა.
“ეს იგივე თემაა, ოღონდ სხვა სივრცეში. ეს არის სერიოზული ინციდენტი, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში ვფიქრობ ძალზე მნიშვნელოვანია გამოყენებულ იქნას ყველა საშუალება მდგომარეობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნული ინციდენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოორდინირებულ მოქმედებას საერთაშორისო გამოწვევების წინაამღდეგ ბრძოლაში, ასევე ქვეყნებს შორის ურთიერთობათა განვითარებას ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე, რათა მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს.
ფაქტია, რეგიონისთვის ეს მძიმედ აისახება. მსოფლიომ უნდა შეძლოს ამ კონფლიქტის დასაწყისშივე მოგვარება, თორემ ამის გაგრძელება ცუდ შედეგს დადებს არა მარტო ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც. ყველანი ვხედავთ, რომ სამხრეთ-აღმოსავლური პოლიტიკა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ხდება, ვიდრე ამას ველოდით.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უფლება არა გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკა სწორხაზოვნად ვაწარმოოთ. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ოჯახისკენ, გვსურს გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა და მე მჯერა, რომ ეს მიღწევადია, მაგრამ ამისთვის გვჭირდება არა მარტო ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ, ძლიერი და ფრთხილი საგარეო პოლიტიკის წარმოება.
დღეს საქართველო ხდება მსოფლიო პოლიტიკის გზაჯვარედინი. მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის როლი და ფუნქცია გამოკვეთა და ალბათ, კიდევ უფრო მკვეთრი გახდება მომავალში. ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული სახელმწიფო კავკასიაში, სადაც ყველა მეზობელი ქვეყნების და რეგიონების პოლიტიკა მაქსიმალურად იქნება დაბალანსებული ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები კი უპირველეს ყოვლისა გადის იმ ფაქიზ გრძნობებზე, რასაც რელიგიური ურთიერთობები ჰქვია”, -აღნიშნა დეპუტატმა.
როგორც ხუნდაძემ განაცხადა, საქართველო ტოლერანტული თანაცხოვრების ისტორიით სამაგალითოა მსოფლიოსთვის და დღეს ეს კიდევ უფრო მეტად ფასობს.
“ჩვენ ვიცით ერთმანეთის რწმენისადმი პატივისცემა და ყველამ ერთად ვიცით ამ მიწის სიყვარული.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, რაც თავიდან ბოლომდე ჩვენს ხელშია.
მე იმედი მაქვს რომ თანამდეროვე მსოფლიო შეძლებს ამ კონფლიქტის მოგვარებას, ჩვენ კი შევინარჩუნებთ შიდა პოლიტიკურ სტაბილურობას”,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას რუმინეთის ეროვნულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაიან კელი: აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას