დიმიტრი ცქიტიშვილი : ყოვლად დაუშვებელია, რაც ხდება შავი ზღვის აკვატორიაში, ეს არის გამოხატულება აგრესიისა, რომელსაც გამართლება არ აქვს

ყოვლად დაუშვებელია, რაც ხდება დღეს შავი ზღვის აკვატორიაში, რადგან ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა აგრესიისა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და, რომელიც ყველანაირად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, – ამის შესახებ ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია ძალიან ცალსახაა.

„ძალიან ცალსახაა ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია და ასეც იქნება. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ერთი მხრივ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, მეორე მხრივ, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოება, კომპლექსური საკითხები და ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობასაც ძალიან კონკრეტული პასუხები და კონკრეტული პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

ამასთან, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭო 60-დღიანი საომარი მდგომარეობის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტი წინადადებას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდება
შემდეგი სტატიაფარული აუდიო ჩანაწერი – “ქართულ ოცნებაში” პანიკაა, ივანიშვილის გუნდი ყველა შიდა მონაცემით არჩევნებს აგებს