დიმიტრი ბიძინაშვილი:უცხოელი სტუმრები ზურაბიშვილს ხელს მხოლოდ პროტოკოლის ხათრით ართმევენ

პრეზიდენტად გამწესების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ავლაბრის რეზიდენცია, საქართველოს არ შეეფერება და იქ ჩემი ფეხი არ იქნებაო. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის გმობაში მას არც სხვა მეოცნებეები ჩამორჩნენ, ცოტაც და გადაწვავდნენ იქაურობას.
ამ საჯარო გმობიდან ძალიან მოკლე ხანში სალომე ზურაბიშვილმა და “ოცნების” ჭაბუკებმა გადაწყვიტეს, რომ ავლაბრის რეზიდენცია თურმე საჭირო ყოფილა და მაღალი რანგის სტუმრებს იქ უმასპინძლებენ.
რატომ მოუბრუნდათ ავლაბრის რეზიდენციაზე გული, რატომ ებრძოდა ამ სასახლეს ივანიშვილი, რისთვის უნდა გამოვიყენოთ პარლამენტის შენობა, რატომ გაურბის ხალხს სალომე ზურაბიშვილი? -ამის შესახებ “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.

_ რამდენად ნორმალურია, როცა პრეზიდენტი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ხალხის მიერ არის არჩეული, ხალხთან დალაპარაკებასაც კი არ კადრულობს და გარბის.
_ 9 აპრილს სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე. ხალხისგან მისი გაქცევა ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქალი ხალხის მიერ არ არის არჩეული.
ხალხის არჩეული რომ ყოფილიყო, ასე არ მოიქცეოდა. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტები ხალხთან სასაუბროდაც ჩერდებიან და მათ ამბებსაც ისმენენ. აინტერესებთ, რა უჭირთ და რა ულხინთ. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ყოველთვის ხალხთან ერთად არის.
სალომე ზურაბიშვილი ხალხს არ აურჩევია და ამიტომაც ვერ იტანს ხალხს. სამაგიეროდ, იმის სურვილებს ასრულებს, ვინც ის პრეზიდენტად დასვა.
_ ბიძინა ივანიშვილი გყავთ მხედველობაში?
_ რა თქმა უნდა. სალომე ივანიშვილის მიერ ხელდასმული პრეზიდენტია და თავს ვალდებულად თვლის, ყველა მისი მოთხოვნა თუ ბრძანება შეასრულოს. ეს ქალი ყველა თავის ნაბიჯს გამპრეზიდენტებელს უთანხმებს და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს იმას, რაც ოლიგარქის იმიჯს დააზიანებს.
მხედველობაში დამატებითი დაზიანება მაქვს, თორემ ივანიშვილის იმიჯი უკვე დიდი ხანია სერიოზულად არის დაზიანებული. ამაში დიდი წვლილი მისმა გარემოცვამაც შეიტანა.
“ქართული ოცნება” შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ამ ადამიანებს წარმოდგენა არა აქვთ, რას ნიშნავს სახელმწიფო. ამიტომაც არის, რომ პარლამენტი კომედიური ჟანრის დაწესებულებად გადაიქცა.
მათი წყალობით შესაძლებლობა გვაქვს, უფასოდ ვუყუროთ საცირკო წარმოდგენებს, რომლებიც პარლამენტში იმართება.
ჩემი აზრით, უკვე დროა, საპარლამენტო სესიებს `ბიძინას შოუ~ დაარქვან. ამ ადამიანებს ისეთი მონაცემები აქვთ და ისეთ რამეებს ამბობენ, რომ “ვანოს შოუს” სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.
_ “ვანოს შოუ”  ამათი “სიბრძნეებით” საზრდოობს.
_ მაგიტომ ვამბობ, რომ თავად გააკეთონ “ბიძინას შოუ” და ყველა გასართობი ჟანრის გადაცემას ჩაძირავენ. ყველას ისეთი მონაცემი აქვს, რომ სცენარისტიც კი არ დასჭირდებათ.
_ საპარლამენტო სესიებს რომ შოუ დაერქვას, ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ “ბიძინას შოუ” რატომ უნდა დავარქვათ?
_ იმიტომ, რომ ისინი ივანიშვილის ნების აღმსრულებლები არიან. ივანიშვილი წესით დაინტერესებული უნდა იყოს, რომ პარლამენტს სერიოზული სახე ჰქონდეს. მას შეუძლია მოსთხოვოს დეპუტატებს, რომ ცოტა სერიოზულად მოიქცნენ. ის ამას არ აკეთებს და არც მომავალში გააკეთებს.
ოლიგარქის მიზანია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი ჩამოიშალოს. მთავრობა ფაქტიურად არ გვყავს, პარლამენტში საცირკო წარმოდგენები იმართება. მთლიანად ჩამოშლილია პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჯერ მარგველაშვილის დროს რა იყო და ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ სულ მთლად ჩამოიშალა.
იმდენად ჩამოშლილია პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომ უცნაურია, საერთოდ რატომ გვყავს პრეზიდენტი. ამ სტატუსის მატარებელ ადამიანს არაფრის უფლებას არ აძლევენ.
მას უბრძანა ბიძინამ, რომ ავლაბრის რეზიდენციაში არ შესულიყო და არც შედის. მას ოლიგარქმა უთხრა, რომ პოლიტიკაზე ხმა არ ამოიღოს და მართლა არ იღებს ხმას. იმ ცირკსაც არ აპროტესტებს, რაც საკანონმდებლო ორგანოშია.
მას არც იმაზე აქვს ხმის ამოღების უფლება, ოლიგარქს ქვეყანა რომ აქვს მიტაცებული. მან არც ხალხის გაჭირვებაზე უნდა ილაპარაკოს.
_ გამოდის, რომ საერთოდ არაფერზე არ უნდა ამოიღოს ხმა.
_ ასეა და მაგიტომაც დუმს.
_ ხმის ამოღების უფლება თუ არ ექნება, რად უნდა ასეთი პრეზიდენტობა?
_ რად უნდა და იმად, რომ ამ პოსტის დაკავება იყო მისი ოცნება. ბიძინა ივანიშვილმა მას ეს ოცნება აუხდინა. ახლა ამ ქალისთვის სულ ერთია, რა ხდება საქართველოში. ქვეყანა სულ თავზე რომ დაგვემხოს, საერთოდ არ ამოიღებს ხმას.
_ თქვენ თქვით, რომ ზურაბიშვილს უთხრეს არ შეხვიდე ავლაბრის რეზიდენციაში და არ შედისო. ახლა ვიგებთ, რომ იქ მაინც შევა. საოცნებო მთავრობამ იქ თურმე მაღალი რანგის სტუმრებს უნდა უმასპინძლოს. ამ საყვარლობა იდეას რითი ხსნით?
_ ამაშიც ივანიშვილის ხელი იგრძნობა. ის პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას ებრძოდა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტად დაეკნინებინა პრეზიდენტის ინსტიტუტი.
თქვენს მკითხველს ალბათ ემახსოვრება ოლიგარქის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს ამ რეზიდენციის შენახვა ძალიან ძვირი უჯდება. მისივე თქმით, საქართველოს მსგავს პატარა და ღარიბ ქვეყანას ასეთი მასშტაბის სასახლე არ უნდა ჰქონდეს.
ახალ კი სრული საოცრების წინაშე დაგვაყენეს _ პრეზიდენტის ორი სასახლე უნდა შევინახოთ.
მაინტერესებს, ახლა აღარ დაგვიჯდება ავლაბრის რეზიდენციის შენახვა ძვირი? ირაკლი კობახიძე გაიძახოდა, ავლაბრის სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით არის აშენებული და ასეთი შენობა არ გვჭირდებაო. ახლა აღარ არის სასახლე ხალხისთვის წართმეული ფულით აშენებული?
სინამდვილეში რა აღმოჩნდა იცით, სალომე ზურაბიშვილი იქ არ შეუშვეს, მაგრამ თავად შევლენ და შეხვედრებს გამართავენ.
_ პრეზიდენტს იქ შეხვედრების გამართვის უფლებას არ მისცემენ?
_ ზურაბიშვილმა იქ რა შეხვედრა უნდა გამართოს. კაციშვილი მაგას არ იცნობს. არც პრეზიდენტად აღიარებენ. მხოლოდ პროტოკოლის ხათრით ხვდებიან ჩამოსული სტუმრები.
_ აღარც მაღალი რანგის სტუმრები ჩამოდიან.
_ ეგეც მართალია, მაგრამ ვინც ჩამოდის, მასაც არ უნდა ამ ქალთან შეხვედრა. კი ჰქვია სალომეს პრეზიდენტი, მაგრამ საზღვარგარეთ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს ლიდერი სულ სხვაა. ის ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც თავის შუშის სასახლეში ზის.

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილს იმაზე ბევრად მეტი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის, ვიდრე ერთ მოქალაქეს ევალება
შემდეგი სტატიაიტალიის სამხედრო-პატრიოტულმა გუნდმა აფხაზურ ფონდს თანხა ჩაურიცხა