დიმიტრი ბიძინაშვილი: „ქართული ოცნება“ დამთავრდა, დროა ივანიშვილმა ჩანთა ჩაალაგოს“

„ოთხ კედელში გამოკეტილი უფრო თავისუფალი ვიყავი, ვიდრე ის მონები პარლამენტის წევრები რომ ჰქვიათ“

რუსთავის იზოლატორის სამარტოო საკანი დილის 3 საათზე დატოვა და რამდენიმე საათში უკვე „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებთან ერთად აქციაზე იდგა. თავის თანამებრძოლებთან ერთად წლის საუკეთესო მონად ირაკლი კობახიძე გამოავლინა და მას მოუწყვეს სირცხვილის დერეფანი.
მოგვიანებით ის ახალგაზრდებთან ერთად „ქართული ოცნების“ სათაო ოფისთან გამართულ აქციაზე იდგა. სადაც ახალგაზრდები მცხეთაში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებდნენ. „გაბედეს“ აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთელი ზონდერები დაახვედრა. ორი ახალგაზრდა თავის ქალის დახურული მოტეხილებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„თაიმერთან“ საუბარში „შეცვალეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ რეპრესიები შედეგს არ გამოიღებს. რადგანაც გამოვლენ თუ არა დაკავებულები  ციხიდან, მაშინვე გააგრძელებენ პროტესტს. იმ დროს კი როცა ისინი ციხეში იქნებიან, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ.
რატომ აღარ გაჩერდება საპროტესტო ტალღა, რა ელოდება „ქართულ ოცნებას“, რატომ უნდა ჩაალაგოს ბიძინა ივანიშვილმა დიდი ჩანთა? -ამ თემებზე დიმიტრი ბიძინაშვილი „თაიმერს“ ესაუბრება.

 

-ახლა, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, რუსთავის იზოლატორიდან რამდენიმე საათის გამოსული ხართ. მეგონა, რომ დაისვენებდით, თქვენ კი დიდი აქციის მოწყობა მოასწარით უკვე…

– მერე რა რომ ციხიდან ახალი გამოსული ვარ? ეს არ არის საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ სახლში დავრჩე და არ გავაპროტესტო ქვეყანაში არსებული უკანონობა. ახალგაზრდებმა ჩაატარეს კონკურსი წლის საუკეთესო მონის გამოსავლენად. ამ ნომინაციაში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მისთვის ეს ამბავი გვეთქვა და სათანადო დახვედრაც მოგვეწყო. „შეცვალეს“ და „სირცხვლიას“ წევრებმა ის სირცხვილის დერეფანში გავატარეთ. კობახიძე დაცვის და პოლიციის კორდონის დახმარებით შევიდა შენობაში. მას სხვა დროსაც მოუწევს ასე სიარული. ასევე მოუწევთ გადაადგილება ივანიშვილის სხვა მონებს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს – მათ ხალხში გამოსაჩენი პირი აღარ აქვთ. სულ ტყუილად გაიძახიან, რომ ამ ქვეყნის მმართველ ძალას წარმოადგენენ. ოფიციალურად ეს ასეა, მაგრამ ეს ოფიციალურადაც დასრულდება. ბიძინა ივანიშვილი მიტაცებულ ძალაუფლებას და სახელმწიფოს ძალიან მალე დაუბრუნებს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხს მოთმინების დიდი უნარი აქვს, მაგრამ ის არ აიტანს გამუდმებით ტყუილებს და ტალახის სროლას. ისედაც ბევრი მოითმინა ხალხმა. ეს უკმაყოფილება დაგროვდა, დაგროვდა და ერთ დღეს იფეთქა. მერწმუნეთ, ეს საპროტესტო მუხტი წალეკავს ივანიშვილის ხელისუფლებას. „ქართულ ოცნებას“ ტყუილად აქვს იმედი, რომ ჩვენ დავიღლებით. ეს გამორიცხულია, ბრძოლა იქნება ბოლომდე.

-სხვისი არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ არ იღლებით ცხადია, ციხიდან ახალგამოსული ისევ აქციაზე წახვედით…

– სხვებიც ასე არიან. ჩვენ ახლა დაღლის უფლება არ გვაქვს. ხელისუფლებას ძალიან უნდა, რომ დაგვაშინოს, დაგვღალოს, მაგრამ ასე არ იქნება. შედეგს არც ჩვენი დაკავება გამოიღებს. როდესაც ჩვენ დაგვაკავეს, ქუჩაში სხვა ადამიანები დადგნენ სიმართლის სადარაჯოზე. მათი დაკავების შემდეგ კი სხვები გამოვიდნენ ქუჩაში. არავის გვეშინია არც დაჭერის და არც დარბევის, არ გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენ სიმართლის მხარეს ვდგავართ. ჩვენ არ გავჩერდებით და რუს ოლიგარქს არ მივცემთ უფლებას, რომ გაიმარჯვოს ქართველ ხალხზე. 13 დღე მომიწია მე ციხეში ყოფნამ. დიდი მადლობა ბატონო ბიძინა, რომ დამასვენეთ, მაგრამ გამოვედი თუ არა ციხიდან ანუ დღეიდან – 2 დეკემბრიდან, განვაგრძობ ბრძოლას. ჩემს მეგობრებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი აღდგეს: ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და მიტაცებული ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს. ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა პუტინის მოვლენილ რუს ოლიგარქს. იცოდნენ ხელისუფლების წევრებმა, რომ სანამ სიმართლე არ იზეიმებს, ასე პოლიციელების კორდონებით და ბარიკადების მიღმა მოუწევთ გადაადგილება. არ მოვასვენებთ! საპროტესტო მუხტი, რომელი ახლა ქვეყანაშია არ განელდება. ყველაფერს აქვს საზღვარი. ამდენ ტყუილს და უსინდისობას არავინ აღარ გაატარებს. „ქართული ოცნება“ დასრულდა. უკვე დროა, ივანიშვილმა წასასვლელად ბარგი მოამზადოს. მას მალე მოუწევს ამ ქვეყნის დატოვება, ოღონდ დიდი ჩანთა გაამზადოს.

– დიდი ჩანთა რატომ უნდა გაამზადოს?

– როგორ თუ რატომ? პინგვინს, ზებრას, ლეიმურაზს და ზვიგენს მე ხომ არ დამიტოვებს. ჩასვას ცხოველები ჩანთაში და გაგვეცალოს თავის პინგვინიანად.

– ხშირად ახსენებთ ხოლმე ამ პინგვინს და რა დაგიშავათ მაგ საყვარელმა არსებამ?

– პინგვინმა არაფერი, მაგრამ მაგ კაცს ხომ გასაოცარი უნარი აქვს ყველაფერი “გააბანძოს” და გააუფერულოს. თავისი ქმედებებით ისეთი საყვარელი არსებაც კი შეგვაძულა, როგორც პინგვინია. ტყუილად კი არ ვთქვი, რომ ამ კაცს ყველაფრის „გაბანძება“ შეუძლია?! ჩამოშალა ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. ახლა ცდილობს, ქართველი ხალხი დააბეჩავოს, რომ მერე უფრო იოლად მართოს. ამიტომაც დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხალხის მიზანმიმართული გაღარიბება. ხალხის გაღარიბება შეძლო, მაგრამ დაბეჩავება არ გამოუვიდა. ხალხი ქუჩაში დგას. ხელისუფლება კი მათ ბარიკადების და პოლიციის კორდონების უკან ემალება. ასე მოუწევთ სიარული, ასე ივლიან მანამ, სანამ ხელისუფლებას არ დატოვებენ. ეს დრო შორს აღარ არის. ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. ხალხს ვერც რუსი ოლიგარქი დაამარცხებს.

– თქვენი პატიმრობის ამბებიც მოყევით, ცუდად ხომ არ გექცეოდნენ იზოლატორში?

– მოსაყოლი არაფერია. მოსამართლე ფილიშვილის მისჯილი დრო სამარტოო საკანში გავატარე. მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. თავისუფლებას თუ დავკარგავთ, დავკარგავთ ყველაფერს რაც კი გაგვაჩნია. ამიტომ არის საჭირო ბრძოლა მის დასაცავად. სულ ბრძოლაზე ვფიქრობდი იზოლატორში და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხ კედელში გამოკეტილი, უფრო თავისუფალი ვიყავი, ვიდრე ის მონები პარლამენტის წევრები რომ ჰქვიათ.

 

 

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ მჭედლიშვილი – პირველად ხდება, რომ საქართველოს გავლით ევროპაში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მინდა, გავაფრთხილო ყველა საფლავში ჩამყოლი, სად მიდიხართ