დიმიტრი ბიძინაშვილი: ივანიშვილის საქმე წასულია -არჩევნებს ვეღარ გააყალბებს

რატომ იგებენ ტენდერებს მმართველი პარტიის დამფინანსებლები, რაზე აგებს პასუხს რუსი ოლიგარქი, რატომ ადანაშაულებს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კიდევ ერთხელ ომის დაწყებაში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.

_ ოლიგარქის ხუშტურების შემსრულებელ კომპანიებს ჩვენი ჯიბიდან ვუხდით ხარკს – “ცნების” შემომწირველები და ის კომპანიები, რომლებსაც ივანიშვილის ხეები გადააქვთ, ტენდერებს ტენდერებზე იგებენ.
მარტო მიმდინარე წელს ანუ 2,5 თვეში ამ კომპანიებმა 43.468.317-ის ტენდერები მოიგეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ბიძინას ხუშტურების შემსრულებლები კიდევ რამდენ მილიონს მოიგებენ წლის ბოლომდე.
საარჩევნოდ ხელისუფლება ბიზნესმენებს ეუბნება, რომ ფული შემოგვწირე, რის შემდეგაც მათ სასათბურე პირობებში ყოფნა გარანტირებული აქვთ.
_ ასეთი პრინციპი ჰქონია “ოცნებას” – შემოგვწირე და მოიგებ.
_ ასე გამოდის. სხვანაირად “ოცნების” შემომწირველთა კომპანიები ტენდერებს ტენდერებზე ვერ მოიგებდნენ.
ტენდერების სამართლიანად ჩატარების არ მჯერა. როგორ დავიჯერო, როცა ტენდერში ხშირად მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. ან ხელშეკრულებაში ისეთი მუხლია ჩადებული, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ `ოცნების~ შემომწირველ კომპანიას შეუძლია.
შემდგომ ვნახულობთ, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არაჯეროვნად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ხშირად გასაკეთებელ საქმეს უხარისხოდ აკეთებენ. ამის მკაფიო მაგალითია ზაჰესის ხიდი. მისი გაკეთება თბილისის მერად მოსვლის დღიდან დაიწყეს, ამ კაცმა ისე ამოწურა თავისი უფლებამოსილების ვადა, რომ ხიდი ბოლომდე ვერ დასრულდა.
აღნიშნული კომპანია, წესით, უნდა დაესაჯათ, მაგრამ არა. ისინი “ოცნების” შემომწირველები არიან და ხელისუფლება მათთან ხშირად აფორმებს მილიონიან კონტრაქტებს. ამ კომპანიას მარტო მიმდინარე წელს 16 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმეს.
ტენდერებს ხშირად იგებენ ხელისუფლებაში მყოფი პირების დაქვემდებარებაში მყოფი ფირმებიც. როცა ვსვამთ კითხვებს, თუ რატომ იგებენ ტენდერებს მხოლოდ “ოცნების” შემომწირველები, მოგებულები სხვადასხვანაირად იმართლებენ თავს. ზოგი ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიას შემთხვევით გადაურიცხა ფული, ზოგი იფიცება, რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ გადაირიცხა მისგან “ოცნების” ანგარიშზე თანხა.
_ მამუკა ბახტაძესავით ყოფილან -საოცნებო ხელისუფლების პრემიერმა დღემდე არ იცის, როგორ გადაურიცხა 2012 წელს ნაციონალებს რამდენიმე ათეული ათასი ლარი.
_ დაახლოებით ეგეთი სიტუაციაა. როგორც ბახტაძე მოხვდა “შემთხვევით” ნაციონალების შემომწირველებში, ასევე `შემთხვევით~ გადაერიცხათ ფული “ოცნებისთვის” ტენდერებში გამარჯვებულ ფირმებს.
ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ _ როგორმე ასიამოვნონ ივანიშვილს. მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რომ კონკრეტული პროექტი აქვთ განსახორციელებელი. ამიტომაც არის დღეს საქართველო დაპაუზებული.
_ მას შემდეგ, რაც “ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ტენდერების გარშემო სულ სკანდალებია. ხელისუფლება რატომ არ ფრთხილობს, ასე დარწმუნებულია თავის უძლეველობაში?
_ ისინი ივანიშვილის უძლეველობაში არიან დარწმუნებული. დღეს მთელი ხელისუფლება ამ ერთ კაცზეა ჩამოკიდებული. ეს კაცი ამათ ფულის კეთების საშუალებას აძლევს და რატომ არ გააკეთებენ? ხომ დავრწმუნდით ყველა, რომ ესენი ხელისუფლებაში საქმის საკეთებლად და ქვეყნის განვითარებისთვის არ მოსულან.
დარღვევებზე ოლიგარქი მხოლოდ მაშინ რეაგირებს, თუ ვინმე მას არ უერთგულებს. ასეთებს ის ფულის კეთების წყაროებს უკეტავს, წყაროგადაკეტილები რაღაც მიზეზებს იგონებენ, გუნდიდან გარბიან და ოპოზიციონერობას თამაშობენ.
ახლა “ოცნებიდან” ბევრი გარბის. გაქცევას მოსამართლეების დანიშვნის წესზე არსებულ უთანხმოებას აბრალებენ. სინამდვილეში კი ფულს და გავლენებს ვერ ინაწილებენ.
_ ვითომ მარტო ფულია ამის მიზეზი? მის გარშემო მყოფებს საკმაოდ კარგი პოლიტიკური ალღო აქვთ და შემთხვევით, გემის ჩაძირვის მოახლოებას ხომ არ გრძნობენ?
_ ამ ადამიანებს ნამდვილად შესანიშნავი პოლიტიკური ყნოსვა აქვთ. მათ ზუსტად იციან, როდის იძირება გემი, ამიტომაც პირველები გარბიან იქიდან.
“ქართული ოცნების” სახეებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ყველა საიდანღაც არის გამოქცეული. მათ წასასვლელად განწირულ არც ერთ ხელისუფლებას არ უერთგულეს. ისინი არც ოლიგარქს უერთგულებენ.
ბიძინა ივანიშვილი და `ქართული ოცნება~ პოლიტიკურ მოღვაწეობას ამთავრებენ. მედროვეები კი გარბიან, რათა ახალი გემი და ახალი პატრონი იპოვონ.
ეს ხელისუფლება ფაქტიურად შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე დამთავრდა, ის არჩევნები ოლიგარქის პარტიამ წააგო. ხელების გადაგრეხვა, მოსყიდვა და დაშინება რომ არ ყოფილიყო, სულ სხვა შედეგს მივიღებდით.
სამწუხაროდ, არჩევნების გადარჩენა ვერ შევძელით და დღეს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. ეს ქალი საერთოდ სულ სხვა ფენომენია. ისიც კი არ ვიცი, რეალურად ვისი ან რისი პრეზიდენტია. ქვეყნის პრეზიდენტი რომ არ არის, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია.
მისი ბოლო განცხადება საერთოდ კატასტროფა იყო. ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ამბობდა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ახლა პრეზიდენტი ჰქვია და იგივეს იმეორებს.
ეს ადასტურებს, რომ ზურაბიშვილი ივანიშვილმა პუტინის და კრემლის დავალებით დასვა პრეზიდენტად. ისიც გაუთავებლად იმეორებს, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ოსებს გენოციდი მოვუწყვეთ. გაიძახის, ჩვენს მოსახლეობას დავუშინეთ ბომბებიო.
_ რუსებმა ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გახიზნეს სამოქალაქო პირები. თავად ოსები ადასტურებენ, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალში მარტო ოსი მოხალისეები და რუსი სამხედროები იყვნენ. საინტერესოა, პრეზიდენტად წოდებული ვის მიიჩნევს ჩვენს მოსახლეობად _ ოს ბოევიკებს თუ რუს ოფიცრებს?
_ რუსი ოლიგარქისთვის და სალომე ზურაბიშვილისთვის, ეტყობა, ეგენი არიან შინაურები. გაუთავებლად იმის ძახილი, რომ ომი საქართველომ დაიწყო, არის სამარცხვინო. მისი ბოლო განცხადებების შემდეგ, ზურაბიშვილის პრეზიდენტად მოხსენიებაც კი უხერხულია.
_ ამბობთ, რომ ივანიშვილი და “ოცნება” პოლიტიკურ მოღვაწეობას ასრულებს. იქვე იმასაც აღნიშნავთ, რომ ოლიგარქმა საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი შედეგი ხელების გადაგრეხვით და მოსყიდვით მიიღო. ამ კაცს ისევ ძალიან ბევრი ფული აქვს და რა გარანტია გაქვთ, რომ საპარლამენტო არჩევნებშიც არ იყიდის ამომრჩეველს?
_ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს სამართლიანად ჩაატარებს. ივანიშვილი არც ხალხის მოსყიდვასა და დაშინებაზე იტყოდა უარს, მაგრამ ვეჭვობ, ამის გაკეთება გაბედოს. მას ძალიან ძვირად დაუჯდება სალომეს გაპრეზიდენტება.
_ ძვირი რატომ დაუჯდება? ან რატომ ვერ გაბედავს ამომრჩევლის მოსყიდვას და დაშინებას?
_ დასავლეთი მას ამის უფლებას აღარ მისცემს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თავის ანგარიშში ხაზგასმით წერს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ცოტა ხნის წინ “ოცნებისთვის” ძალიან მძიმე დასკვნა დადო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.
ასე რომ, ივანიშვილის საქმე წასულია -არჩევნებს ვეღარ გააყალბებს. ხალხი კი მის პარტიას თავისი სურვილით ხმას არ მისცემს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური – საცხოვრებელი ობიექტები, სადაც ხანძრები ყველაზე ხშირად ჩნდება, საქართველოში სახანძრო ზედამხედველობას არ ექვემდებარება
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი: ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო….