დიმიტრი ბიძინაშვილი: გახარია ყველა არჩევნებს ჭიქების ტრიალით ატარებს

რა პრინციპით არჩევს ივანიშვილი შს მინისტრებს, რატომ იზრდება კრიმინალი, რა ხდება სამეგრელოში და რა აქვს ჩაფიქრებული გახარიას? _ ამ თემებზე “ახალ თაობას” მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ესაუბრება.
დიმიტრი ბიძინაშვილი:
_ ქვეყანაში ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა. იმის ნაცვლად, რომ კრიმინალს ებრძოლოს, შინაგან საქმეთა მინისტრი ზუგდიდშია და არჩევნების წინ ქეიფობს. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში იქეიფა. გახარიას ურჩევნია, ჭიქების ტრიალს თავი დაანებოს და კრიმინალს ებრძოლოს.
სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ივანიშვილმა შს მინისტრი იმავე პრინციპით აარჩია, რა პრინციპითაც კახა კალაძემ -დედაქალაქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მერმა ამ ადამიანზე გვითხრა, კარგი თამადაა, კარგად მღერის და ფეისბუქ ექაუნთები აქვსო. მგონი, გახარიაც ამავე მოტივით არის შერჩეული.
_ მაგანაც კარგი თამადობა იცის?
-როგორი თამადაა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ყოველ წელს ტარდება არჩევნები. ამ ადამიანს ჩაბარებული აქვს სამეგრელო. ჩამოდის ამ რეგიონში და ყველა არჩევნებს ჭიქების ტრიალით ატარებს.
_ ამასობაში ღვიძლი არ დაიზიანოს. ბევრი ალკოჰოლი ღვიძლის გადიდებას იწვევს.
_ ღვიძლის გადიდება არ ვიცი, მაგრამ ამასობაში კრიმინალმა მოიმატა საშინლად, თან ისე გაიზარდა ეს კრიმინალი, რომ თავად “ოცნებაც” კი ვეღარ მალავს ამას.
7 მაისს, დღისით-მზისით, ავტობუსის მძღოლი დაჭრეს. ბანკების დაყაჩაღება ლამის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თბილისის ქუჩებში ე.წ. პერესტრელკები დაიწყო უკვე. ყოველი მეორე შეიარაღებული დადის, არავინ არაფერს აღარ ერიდება.
ამ დროს შს მინისტრი გაათმაგებულად უნდა მუშაობდეს, გახარია კი კრიმინალთან ბრძოლას არ ჩქარობს. ერთადერთი, ვისაც ის ებრძვის, ეს არის ოპოზიცია. ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში შს მინისტრი თავად გადაიქცა კრიმინალად.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მას ჰქონდა ჩაბარებული სამეგრელოს რეგიონი. ამ ყველაფერს შეეწირა ია კერზაია. ამ ადამიანის მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.
“ქართული ოცნება”ყველაფერს გააკეთებს, რომ ია კერზაიას საქმე გადაფაროს და მას აქტუალობა დაუკარგოს. არაფერი გამოუვათ, დამნაშავეებს ამაზე ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი პასუხს მოსთხოვს.
ია კერზაია პირდაპირ შესწირეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. ახლა გახარია ისევ სამეგრელოშია და აქტიურად ხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას, აგიტატორებს, კოორდინატორებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ `ოცნება~ მზად არის, ზუგდიდში არჩევნების მოგებას კიდევ რომელიმე ადამიანი შესწიროს.
შს მინისტრი რომ საარჩევნო საქმეებშია ჩართული, იქ, ბუნებრივია, კრიმინალიც გაიზრდება.
_ გახარია ანგელოზი არ არის, მაგრამ კრიმინალის ზრდა მარტო მისი ექსკლუზივი არ არის. წინა მინისტრებმაც კარგად იმუშავეს ამ მიმართულებით.
_ ივანიშვილის არც ერთი შს მინისტრი არ ყოფილა საქმეზე ორიენტირებული. ყველა მათგანი სხვადასხვა გარიგებაში იყო შემჩნეული. ისინი თანამდებობაზე ყოფნის დროს მხოლოდ ფულის კეთებით იყვნენ დაკავებული.
კარგი იქნება, თუ გახარიას საქართველოს შს მინისტრად აღარ მოვიხსენიებთ, რადგან ის ივანიშვილის პირადი შს მინისტრია. მას ახლა სამეგრელოში მერის ვადამდელი არჩევნების ჩატარება აქვს დავალებული.
სამეგრელოში თუ ჩამოხვალთ, მიხვდებით, თუ რატომ არის შს მინისტრი აქ ჩამოსული.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ამ რეგიონში `ოცნების~ მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი. ხალხი ღიად ლანძღავს ხელისუფლებასა და ივანიშვილს. აი, მათ დასაშინებლად გამოაგზავნეს ზუგდიდში შს მინისტრი.
შსს-ს კრიმინალთან საბრძოლველად არ სცალია და ამიტომ არის ყველა მიმართულებით დანაშაული კატასტროფულად გაზრდილი. იმდენად არის გაზრდილი, რომ ამას თავად `ოცნებაც~ კი ვერ მალავს.
ხელისუფლებაში მოსვლამდე `ოცნება~ ამბობდა, რომ ხალხს ნაციონალების დროს წართმეულ ქონებას დაუბრუნებდა. ქონება არავის დაუბრუნეს, თავად გააგრძელეს ხალხისთვის წართმევა, ესეც არ აკმარეს და კრიმინალებიც მიუშვეს თავიანთ ნებაზე. ვისაც ხელისუფლება არ ართმევს ქონებას, მათ კრიმინალები აკითხავენ.
მოკლედ რომ გითხრათ, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა გამეფებული.
_ თქვენი აზრით, სადამდე გასტანს ეს განუკითხაობა?
_ სანამ “ოცნება” ხელისუფლებაში იქნება, განუკითხაობა არ დამთავრდება. ივანიშვილმა და მისმა ხელის მინისტრებმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშალეს.
რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც სახელმწიფო იმაზეც კი არ რეაგირებს, როცა მის ტერიტორიებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ითვისებენ.
განუკითხაობა ვერ დამთავრდება, სანამ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქმევა. მისი ყველა განცხადება ძალიან ცუდად გვიბრუნდება უკან.
დღეს საქართველოში არც ერთი მიმართულება არ მუშაობს გამართულად. “ოცნების” ჩინოსნების 80% არის კორუმპირებული. ამაზე ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ამ სტატისტიკის თანახმად, კორუფცია 88%-ით არის გაზრდილი.
ამ განუკითხაობას მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება დაასრულებს.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიდები ვახოვსკები ახალ “მატრიცაზე” მუშაობენ
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას 16 მაისს განმუხურის ამფითეატრში ღია დებატებში იწვევს (+ვიდეო)