დიეგო მარადონამ ღრმა მწუხარება გამოთქვა კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ღრმა მწუხარება გამოთქვა კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო. ფიდელ კასტროს 90 წლის ასაკში გარდაცვალების შესახებ მარადონამ ზაგრებში შეიტყო, სადაც დევისის თასის ფინალზე იმყოფება, რომელიც არგენტინასა და ხორვატიას შორის იმართება.
„ბევრი ვიტირე. ეს არის ყველაზე სამწუხარო რამ, რაც მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ შეიძლებოდა მომხდარიყო“, – მარადონას ციტირებს Reuters.
მარადონა და ფიდელ კასტრო ერთმანეთს პირველად 1987 წელს შეხვდნენ. მოგვიანებით, მარადონა ნარკოდამოკიდებულებისგან სამკურნალოდ კვლავ ჩავიდა კუბაზე და ჰავანაში 4 წელი იცხოვრა. მარადონა იხსენებს, რომ კუბის ლიდერმა მაშინ გაუღო ქვეყნის კარი, როცა არგენტინაში კლინიკების კარები მიუჯახუნეს, იმის შიშით, რომ მის გარდაცვალებაზე პასუხის გაცემა შესაძლოა დასჭირვებოდათ.
მარადონას თქმით, პოლიტიკასა და სპორტზე სასაუბროდ დილაობით ხშირად ხვდებოდა ფიდელ კასტროს. ის მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულებისგან სწორედ კასტროს მხარდაჭერის წყალობით გათავისუფლდა.
„ის ამბობდა, რომ მე ყველაფერი გამომივიდოდა და მართლაც, გამომივიდა, ახლა კი, აქ ვარ, მის შესახებ ვსაუბრობ. ეს არის ყველაზე კარგი მოგონებები, რომელიც კასტროს შესახებ დამრჩა“, – აღნიშნა მარადონამ.

banner
წინა სტატიაშიტრამპი ხმების გადათვლის მცდელობას „თაღლითობად“ აფასებს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა : ისტორია განსჯის ფიდელ კასტროს უზარმაზარ გავლენას მსოფლიოზე